საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპარლამენტო არჩვენების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომისიის სხდომაზე მომხდარი კამათის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა კითხვები გაუჩნდა კომისიას ვაკის 41-ე უბანთან დაკავშირებით.
„გუშინდელი ცხარე კამათი ჩვეულებრივი დამახასიათებელი პროცესია. ეს იმდენად კამათი არ იყო, რამდენადაც საკმაოდ მწვავე შეკითხვები, რომლებიც ორიენტირებული იყო კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე. გუშინ ჩვენ შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე მოვიწვიეთ კონკრეტული უბნის კომისიის წევრები და ოლქის კომისიის თავმჯდომარე, რათა მიგვეღო ახსნა-განმარტებები კონკრეტულ საკითხებზე და გაგვეცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის. კერძოდ, ეს ეხებოდა ვაკის 41-ე უბანს, სადაც გადათვლის შედეგად დავინახეთ, რომ დაშვებული იყო შეცდომები, რომელთა უკანაც იდგა კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არ ყოფილა მიზანმიმართული შეცდომები და ძირითადი შეცდომა დაშვებული იყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა რეგისტრატორმა გადასატან ყუთთან ერთად ბიულეტენები გაატანა ისე, რომ მათზე ბეჭედი არ იყო დასმული, რაც არ გადაამოწმა კომისიის თავმჯდომარემ, რომელსაც ევალებოდა, გადაემოწმებინა ამ ბიულეტენების ნამდვილობა. შესაბამისად, გაბათილდა იმ რამდენიმე ამომრჩევლის ბიულეტენები, რომლებმაც ხმა გადასატანი ყუთით მისცეს. ბათილობაში ეს რაოდენობა არ აისახა, მაგრამ აისახა ხელმომწერთა რაოდენობაში, თითქოსდა უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა და უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო უბანზე. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ პროცესს და აღმოვაჩინეთ, რომ დადგა უბნის კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს იყო აბსოლუტურად სწორი რეაგირება. მსგავს შეცდომებზე პასუხისმგებელია უბნის კომისიის თავმჯდომარე და მან უნდა გააკონტროლოს არჩევნების დღეს მიმდინარე ყველა პროცესი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.