„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძის მერობის კანდიდატი წარადგინა

685

დღეს, 29 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“, ასპინძელ ამომრჩეველს მერობის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძე წარუდგინა.

დაბა ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვასხვა სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეები 14:00 საათისათვის შეიკრიბნენ.
როსტომ მაგრაქველიძე მხარდამჭერებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა წარუდგინეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ჩამოვიდე იმ კუთხეში და ადგილობრივებს ვესაუბრო, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს კარიბჭე და მისი დამცველი. მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ გითხრათ, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი, მხარს უჭერს როსტომ მაგრაქველიძეს”

დარწმუნებული ვარ, რომ იგი გაიმარჯვებს და ერთად შევძლებთ თითოეული ასპინძის ცხოვრების გაუმჯობესებას“, – განაცხადა კანდიდატის წარდგენისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

შეკრებილ მხარდამჭერებს თავად მერობის კანდიდატმაც მიმართა და ადგილობრივებს არჩევნებში მხარდაჭერისაკენ მოუწოდა: -„მინდა ჩემს გვერდით იყოთ და მეც გპირდებით, რომ ჩვენს შორის არ იქნება ჩატეხილი ხიდი, ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად. გპირდებით, ჩემო ასპინძელებო, რომ ვიქნები სუფთა ხელებით და წრეფელი გულით“.

ასპინძის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა სოფლებიდან სამარშუტო ტაქსებით ჩამოვიდა. ვინ გაუწია მათ ჩამოსვლას ორგანიზება, ამას, ჩვენთან საუბარში, ადგილობრივები არ აკონკრეტებდნენ.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს ვუჭერთ მხარს, კარგი პიროვნებაა, კარგი ოჯახის შვილი, ამიტომ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ახლა აქ ვართ“, – გვითხრა სოფელ ივერიიდან ჩამოსულმა მარინა ივანიძემ.

ადგილობრივების გარდა, შეხვედრაზე იყვნენ ასპინძის საკრებულოს წარმომადგენლები, სამუსიკო სკოლისა და კულტურის სახლის თანამშრომლებიც. ასევე ასპინძის საავადმყოფოს ექიმები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ახალციხეში რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინა. დღეს კი კანდიდატებს უშუალოდ მათ რაიონებში წარადგენენ.

როსტომ მაგრაქველიძე არჩევნებში, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, პირველად მონაწილეობს. აქამდე იგი, 11 წლის განმავლობაში, ასპინძის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე იყო.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე