ვაქცინაციისთვის დამატებითი ადგილების შესაქმნელად, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში იმუნიზაციის ცენტრები მოეწყობა

240

„ივლისიდან, როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა. ეს მოხდება იმ დოზების ხარჯზე, რომელსაც ქვეყანა ელოდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები მოლებთან და გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობას.

„ჯამურად, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და დამატებით, თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო. ამის ყველაზე ნაკლები საჭიროებაა თბილისში, თუმცა, მუდმივი მოთხოვნის გამო, აქ ადგილები მუდმივად შევსებულია. რეგიონებში, მოსახლეობის შესაფერისად მოცვისთვის და ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა მივიღოთ, დამატებითი ბრიგადების მობილიზებაა საჭირო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.