დიდი პრემია მათ, ვინც კარგად ახორციელებს პროექტებს – გიორგი ვაშაძის ინიციატივა

459

საპარლამენტო ოპოზიციის წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპის გაზრდის მიზნით, საჭიროა, განსხვავებული მოდელის შექმნა, რომელიც კონკურენციას წაახალისებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

დეპუტატი ახალი ინიციატივით პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში კონკურენცია უნდა შევქმნათ. რომელი უწყებაც კარგად იმუშავებს, მას მეტი თანხა მივცეთ. სხვა მოდელი შევქმნათ, ისეთი, რომელიც უწყებებს შორის კონკურენციას შექმნის.

გულწრფელად ვამბობ, დიდ პრემიებზეც და წახალისებებზეც კი უნდა წავიდეს სახელმწიფო მათთვის, ვინც ყველაზე უკეთ და კარგად განახორციელებს პროექტებს. მაგალითად, ვთქვათ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი – იქ შექმნილი პრობლემების თუ გაუგებრობების გამო, ეს გზა დღემდე არ გვაქვს. იგივე მოხდა გოდერძის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციაზე – 2015 წლიდან ანონსდება მუდმივად, მაგრამ პროექტი კვლავ არ გვაქვს.

ორი რეგიონული სამინისტრო რომ გვქონდეს ან სამი გზების დეპარტამენტი და არსებობდეს კონკურენცია, თავს მოიკლავდნენ და მაინც შეასრულებდნენ პროექტებს; ყველაფერი უნდა გაკეთდეს წახალისებით. ვიდრე გზების დეპარტამენტი ფიქრობს, რომ მონოპოლია აქვს და თუ თავად არ გააკეთებს საქმეს, სხვა ვერ ჩაერევა, პროექტები გაიწელება. მოგვიწევს ჯარიმების გადახდა აუთვისებელ სესხებზე, ეკონომიკის დაზარალება დაგვიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკაში ჩაშვების გამო და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.