პარლამენტი დღეს ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს

890

10 ივნისის პლენარული სხდომის მთავარი საკითხი საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

პირველი მოსმენით განხილვის დროს კანონპროექტი დაკორექტირდა და მასში გარკვეული ცვლილებები აისახა. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: – პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება.