ვარძიის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი — ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო

1128

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის პროაქტიული კონსერვაციისა და მონიტორინგის სისტემის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი იტალიელ კოლეგებთან ერთად უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს შედეგად, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სრულად რეაბილიტირდა ვარძია და დღეისათვის მუშაობა უკვე უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების ძეგლებზე გრძელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი ვარძიის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე მიმდინარე კვლევა-კონსერვაციის სამუშაოების აქტიური მონაწილე და მთავარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციაა საქართველოში.

25 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. წელს ევროპის წამყვანი ჯილდო გადაეცემა ევროპის 18 ქვეყნის 24 სამაგალითო მიღწევას.

საუკუნეების განმავლობაში ქანების ეროზიის ბუნებრივი პროცესები სეისმურ ბიძგებთან ერთად საფრთხეს უქმნიდა ძეგლის მთლიანობას. კომპლექსის საქართველოს ყველაზე აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობის გამო კლდოვანმა არქიტექტურამ სერიოზული ზიანი განიცადა.

ვარძიის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პროექტის ფარგლებში 2015-დან 2019 წლამდე ვარძიაში ქვათაცვენისა და მეწყერების შესაჩერებლად არაერთი გადაუდებელი ღონისძიება ჩატარდა, ასევე შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია; შემუშავდა და დამონტაჟდა მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს გარემო პირობების საკვანძო მონაცემებს და შემდგომ სამეცნიერო ჯგუფს გადასცემს ანალიზისთვის. მონიტორინგის სისტემა ხელს უწყობს ზიანის შემცირებას და ვარძიის გრძელვადიანი სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველყოფას.

“ვარძიაში ბევრი კრიტიკულად დაზიანებული უბანი იყო, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებდა. პროექტში თავდაპირველად ჩართულები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. კლდეში ნაკვეთი ძეგლების რეაბილიტაცია სპეციფიკური ამოცანაა, რადგან ეს, ერთი მხრივ, გეოლოგიური პროცესების შედეგია, მეორე მხრივ კი – ადამიანის მიერ შექმნილი და კლდეში გამოკვეთილია. ამიტომ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთობაა. შესაბამისად მრავალმხრივ და კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. ამ წლების განმავლობაში ვარძიაში ჩვენ შევიმუშავეთ ვარძიის კომპლექსური მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს ქვაბულებში მიკროკლიმატზე მონიტორინგს, სეისმური სენსორების დამონტაჟებასა და კონტროლს, ბზარების მონიტორინგს და ყველა ეს მონაცემი თბილისში ონლაინ გადმოგვეცემა”, — აცხადებს კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ელაშვილი.

დღესაც მუშაობს სპეციალური გეორადარი, რომელიც ქარაფის სკანირებას ახდენს და მის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. ყველა ამ მონაცემის დამუშავებით ილიაუნის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი იტალიელ კოლეგებთან ერთად ადგენს იმ კრიტიკულ პროცესებსა და უბნებს, რომლებიც ჩარევას საჭიროებენ. ამ წლების განმავლობაში ვარძიაში ათამდე კრიტიკული უბანი გამაგრდა. ასეთი გამაგრებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარედან არაფერი ეტყობა და ვიზუალურ სახეს იცავს. გაკეთდა წყალამრიდი სისტემაც. ასევ, გარკვეულ შრეებზე, ტურისტული ნაწილების ზემოთ, დამონტაჟდა ფოლადის დამცავი ბადეები ქვათა ცვენისგან დასაცავად. წელს დაგეგმილია ვარძიის ზემოთა მთაზე სპეციალური დამჭერი ბადეების დამონტაჟებაც დაცვის მიზნით.

“ვარძიაში მთელი რიგი ტექნოლოგიები პირველად მოვსინჯეთ. ისინი ინოვაციური იყო და, შეიძლება ითქვას, რომ აქ ძირითადი პრობლემები უკვე გადაიჭრა. ეს პრობლემები ნახევარ საუკუნეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იყო დაგროვილი და ძეგლი ახლა უკვე მიმდინარე მონიტორინგისა და მოვლა-პატრონობის რეჟიმში გადადის”, — განაცხადა მიხელ ელაშვილმა.

პროექტი საქართველოს მთავრობამ და ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსეს. მას ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევების უმაღლეს ინსტიტუტსა (ISPRA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით