ე.წ. მოკრულების ტერიტორიაზე არსებული ძველი სარწყავი წყლის აღდგენის მოთხოვნით, ვალის მცხოვრებლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა მელიქიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პავლე ათუნაშვილის და ტრისტან ჩიტაშვილის თქმით, დაპირება ძველი არხის აღდგენის შესახებ ბევრჯერ მიიღეს, თუმცა დღემდე პრობლემა არ მოგვარებულა და ათობით ოჯახი ნაკვეთების მორწყვას წლებია ვერ ახერხებს.
„უკვე ექვსი წელია მიწებს ვერ ვრწყავთ, დაზიანებული არხის აღდგენას დაგვიპრდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ახალი არხი გააკეთეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ, მალე მორწყვის სეზონი დაიწყება და გვინდა დაპირება შეასრულონ“,– ამბობენ ისინი.
დაზიანებული ძველი სარწყავი არხის აღდგენის მოთხოვნით, ვალის მცხოვრებლებმა, ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს ბოლო წერილი მიმდინარე წლის 20 აპრილს მიწერეს, თუმცა მათ მერისგან პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
ცნობისთვის, არხი, რომლითაც ვალეში 20–მდე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ირწყვებოდა, 2015 წლის გაზაფხულზე სტიქიის გამო დაზიანდა. პრობლემის თაობაზე ვალის მცხოვრებლებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიმართეს. ორგანიზაციამ აღნიშნული პრობლემის ადვოკატირების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელიქიძეს, 20–მდე ადგილობრივის ხელმოწერილი განცხადებით პირველად 2019 წელს მიმართა. მაშინ მერმა განაცხადა, რომ პრობლემა 2020 წელს მოგვარდებოდა და არხი გაიწმინდებოდა, თუმცა აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა. იგივე თხოვნით ორგანიზაციამ მერიას 2020 წლის ივნისსა და 2021 წლის აპრილშიც მიმართა.