მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ხუთ სოფელში გზების მოასფალტებას აპირებს. მარნეულის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაცია/დაგების მიზნით ორი ტენდერი 2 ივნისს გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 2 064 728 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პირველი ტენდერის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზებს დააგებს. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 1 241 299 ლარი გამოყო.
მეორე ტენდერი სოფელ დოლისყანაში მისასვლელი გზის მოასფალტებისა და სოფელ კირაჩმუღანლოში შიდა გზების რეაბილიტაციისათვისაა გამოცხადებული. მარენულის მერიამ ამ პროექტის განსახორციელებლად 823 429 ლარი გამოყო.
ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 18-დან 23 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. 23 ივნისს წინადადებების მიღება შეწყდება რის შემდეგაც მერია ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს და მათთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დამიაში, იმირჭალასა და ხიხანში შიდა გზის მოასფალტების სამუშაობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დააგონ. რაც შეეხება სოფელ დოლისყანაში მისასვლელი გზის მოასფალტებას და სოფელ კირაჩმუღანლოში შიდა გზების რეაბილიტაცას, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.