გორში, „ახალბაღის” რეაბილიტაციის ტენდერში „ქართული ოცნების” შემომწირველის კომპანიამ გაიმარჯვა

555

გორის კულტურისა და დასვენების პარკი “ახალბაღის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს Award-მა გაიმარჯვა, რომელიც პარკის რეაბილიტაციას 8 950 000 ლარად განახორციელებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭკადუაა, რომელიც ამავდროულად, მმართველი პარტიის დამფინანსებელიცაა. მან 2017 წელს “ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქამდე გორში არცერთი პროექტი არ განუხორციელებია.

“პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ ფართობს – დაახლოებით 11,96 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცეები, ექსტრემალური მოედნები, ასევე მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა ავტომატური სარწყავი სისტემა და ა.შ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ტბას და პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე საზოგადოებრივ შენობას. ახალბაღის პარკი განახლდება დენდროლოგიური კუთხითაც” , – ვკითხულობთ გადაწყვეტილების დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა.

ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ყველაზე იაფად შესთავაზა მუნიციპალური განვითარების ფონდს რეაბილიტაციის ჩატარება.