ბაღის ზეიმზე დაშვებული გამონაკლისი გავლენიანი მშობლებისთვის – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი ცოლისთვის

2531

აჭარის პირველი კანონდებლის მიერ დარღვეული კანონი და უთანასწორო გარემო მშობლებისთვის. საბავშვო ბაღში გამართულ ღონისძიებაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საკუთარი გავლენების საფუძველზე დაუშვეს. იგი ღონისძიებას მშობლის სტატუსით დაესწრო. არადა, სხვები ზეიმს ქუჩიდან აკვირდებოდნენ. როგორ იმართლებს თავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას მაღალჩინოსანი? – ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის მესამე საჯარო ბაღში გამართულ ღონისძიებას, მშობლები ქუჩიდან აკვირდებოდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძისა და მისი მეუღლისთვის კი, გამონაკლისი დაიშვა. სააღმზრდელო დაწესებულებაში, უთანასწორო მიდგომას იმით ხსნიან, რომ გაბაიძე, კორონავირუსზე გატესტილი იყო. ბაღის გამგე ამბობს, რომ რეგიონის ერთ-ერთი ლიდერისთვის აქტივობაზე დასწრება როგორ უნდა აეკრძალა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ღონისძიებაზე დასწრება, სხვა მშობლების განაწყენების მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ესმით კოვიდრეგულაციები და ბაღის ადმინსტრაციასთან პრეტენზიები არ გამოუთქვამთ, მიიჩნევენ, რომ ერთი მშობლის დასწრება, სტატუსის გამო, უსამართლო გადაწყვეტილება იყო.  ამბობენ, რომ პრივილეგიებს თანამდებობები არ უნდა განსაზღვრავდეს.

ამავე ბაღის აღსაზრდელია, დავით გაბაიძის თანაშემწის შვილიც. თუმცა, ხათუნა ნაყეურისთვის, ზეიმზე დასასწრებად, თანამდებობრივი საფეხური საკმარისი არ აღმოჩნდა. უმაღლესი საბჭოს რიგითი თანამშრომელი ზეიმს, ონლაინ აკვირდებოდა. თუმცა, მაღალჩინოსნისთვის გამონაკლისის დაშვებაზე პრეტიენზიას არ გამოთქვამს.

რატომ არ დაიცვა თანასწორობის პრინციპი და რატომ ისარგებლა გავლენებით „უკანონოდ“ რეგიონის პირველმა კანონმდებელმა? დავით გაბაიძე, დადგენილი პროტოკოლის უგულებელყოფის პასუხისმგებლობას დაწესებულების ხელმძღვანელს აკისრებს. სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ღონისძიებას გამგის ნებართვის საფუძველზე დაესწრო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს იმით იმართლებს, რომ იმ დროს, კორონავირუსზე გატესტილი იყო.

ცნობისთვის, კოვიდრეგულაციების გამო,  სააღმზრდელო დაწესებულებაში, მშობლის ან უცხო პირთა შესვლა,  აკრძალულია. შესაბამისად, აკრძალულია ღონისძიებებზე დასწრებაც.