მოსახლეობა თისელი–ახალციხის მიმართულებით გაუქმებული ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს

440

შვიდი თვეა სოფელ თისელში სამგზავრო მიკროავტობუსი აღარ დადის, ადგილობრივები შვიდკილომეტრიან გზას ფეხით, ან ტაქსით გადიან, რაშიც 10–15 ლარი ეხარჯებათ. როდის განაახლებს თისელი–ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მუშაობას უცნობია, ავტოსადგურში ამბობენ, რომ აღნიშნული რეისი მათთვის წამგებიანია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფელი თისელი ახალციხიდან 30, ხოლო აწყურიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. მაღალმთიან დასახლებაში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი, ამიტომ მოსახლეობას ქალაქში წასვლა ხშირად უწევს.

„შვიდი თვეა ტრანსპორტი აღარ გვყავს, ქალაქიდან ძალიან შორს ვართ. არ გვაქვს მაღაზია, აფთიაქი, ამიტომ კვირაში ერთხელ მაინც მივდივართ ახალციხეში. ძალიან გვიჭირს უტრანსპორტობა, ამ პრობლემას ცუდი გზაც ერთვის, ტაქსსაც არ უნდა ამ სოფელში წამოსვლა“ ,– ამბობს თისელში მცხოვრები მაკა თაბუნიძე.

75 წლის ჟუჟუნა პასჩენკოც სოფელ თისელში ცხოვრობს, მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ექიმთან წასვლა ხშირად უწევს, ტრასნპორტის გაჩერების გამო, კი იძულებულია დახმარება მეზობლებს სთხოვოს.

„გზაზე ვდგები მანქანა თუ ჩამოივლის მივყვები, თუ არა უკან  სახლში ვბრუნდები. ტრანსპორტი აუცილებლად გვჭირდება. როცა საშუალება მაქვს ტაქსს ვქირაობ, მაგრამ ეს ძალიან ძვირი მიჯდება, ასე რომ გაგრძელდეს ჩემი პენსია გზის ფულად არ მეყოფა“, – ამბობს იგი.

ადგილობრივები ახალციხის ბაზარში პროდუქტების წასაღებად ხშირად მიკროავტობუსს ქირაობენ, მაგრამ თითოეულ მათგანს 10 ლარზე მეტის გადახდა უწევს,  საქალაქო ტრანსპორტის შემთხვევაში მგზავრობა გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

„მეზობლებს კეთილი ნებით დავყავართ ქალაქში, ხან მარშუტკას ვქირაობთ და 10 ლარზე მეტს ვიხდით, თუ ტაქსით მივდივართ კიდევ უფრო მეტის გადახდა გვიწევს. აუცილებელია ავტობუსის დანიშვნა, კვირაში ერთი დღე რომ მაინც მოვიდეს, ესეც შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის“, – გვითხრა ეთერ კოჩიტოვმა.

სატრანსპორტო კომპანია “ჯეოტივის” ხელმძღვანელის ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, თისელი–ახალციხის მიმართულებით მიკროავტობუსის მოძრაობა  მისთვის მომგებიანი არ არის. ამიტომ აღნიშნული მიმართულებით მძღოლის და მანქანის გამოყოფას არ გეგმავს.

„მანდ მუშაობდა კერძო პირი, რომელმაც თავი დაანება. მე არ მეხება მაგის დანიშვნა, ნებისმიერ კერძო პირს შეუძლია მეწარმის საბუთი გახსნას და იმუშაოს, მაგრამ ხალხი არ მოძრაობს და წამგებიანია. არავინ იმუშავებს, მე თუ სურვილი მექნება ვამუშავებ, მაგრამ არ მაქვს, რადგან წამგებიანია“, – ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, „შექმნილ პრობლემას შევისწავლით“, – აცხადებენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თისელი ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე მდებარეობს, ამჟამად აქ 40–მდე ოჯახი ცხოვრობს.