ანა წითლიძეს ზუგდიდის საკრებულოში, სავარაუდოდ, თეიმურაზ ბასილაია შეცვლის

410

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ანა წითლიძეც შედის. შესაბამისად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ, მას ავტომატურად შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლება-მოსილება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ანა წითლიძის ადგილმონაცვლე საკრებულოში სავარაუდოდ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი თეიმურაზ ბასილაია იქნება.

“დიახ, სავარაუდოდ მე შევალ საკრებულოში”, – გვითხრა თეიმურაზ ბასილაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ლაივპრესს” განუმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლისთანავე ანა წითლიძეს უფლება-მოსილება შეუწყდება, შესაბამისი ჩანაწერი შევა საოლქო ოქმში, რაც საკრებულოს სხდომაზეც დაფიქსირდება.

საოქმო ჩანაწერი გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ანა წითლიძის ადგილმონაცვლეს პარტიის საარჩევნო სიის მიხედვით დაადგენს.

ოპოზიციურმა პარტიამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 30 მაისს გაახმოვანა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ბოიკოტი და პარლამენტში გაეგრძელებინათ მუშაობა.

მიუხედავად ამისა, პარტია ხელს არ აწერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის ჩანაწერშიც სხვა პირობასთან ერთად იყო ის, რომ ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი მუშაობა პარლამენტში გაეგრძელებინათ.

ენმ-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 36 მანდატი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ პარტია დატოვა ორმა წევრმა – სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ.