გორის გამგებელს ბიუჯეტის თანხით სიდედრის სახლის მშენებლობაში ადანაშაულებენ

815

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 12 სახლიდან, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა, 3 სახლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს.

ამ სახლებიდან 2-ის მშენებლობა, თანაც, კაპიტალურად, უკვე დამთავრდა, ერთის კი, – არა.

მარინე ხუციშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, გორის გამგებლის დავით ონიაშვილის სიდედრის სახლის მშენებლობა დაამთავრეს. ამის მტკიცებულებად მას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი მოჰყავს, რომელიც გამგებლის სიდედრის სახლში სპეცტექნიკით მიდიოდნენ.

,,ჩემი სახლი კი, დატოვეს ფანჯრების, იატაკის და კარებების გარეშე. როცა მივედი ონიაშვილთან და ვუთხარი, ჯერ, რატომ გააკეთეთ შენი სიდედრის სახლი – მეთქი, გაგიჟდა, ყვირილი დამიწყო” – ამბობს მარინე ხუციშვილი.

დღეს ეს ოჯახი ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, მათ შორის, გორის მერის კანდიდატმა დავით მახნიაშვილმა მოინახულა. ის ფლობს ინფორმაციას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის შესახებ. მანამდე გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი იყო.

გორის მერის კანდიდატი ამბობს, რომ თანამდებობის პირი, პირველ რიგში, არ უნდა ზრუნავდეს ნათესავების კეთილდღეობაზე.

ბრალდებებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯერ არ გამოხმაურებია. დამატებით დეტალებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც არკვევს.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი