ახალციხის სოფელ თისელში გზის მოასფალტებას ითხოვენ

387

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ, ამ დროს დაპირებებსაც უხვად იღებენ, მაგრამ მათ შესრულებაზე არავინ ზრუნავს. მაღალმთიან სოფელში წლებია გზის პრობლემა აქვთ. ადგილობრივების თქმით, დამრეცი და დაზიანებული მონაკვეთების გამო, შვიდი კილომეტრის  გასავლელად 15–ის ნაცვლად 40 წუთი სჭირდებათ. გადაადგილება განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე უჭირთ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„უგზოობის პრობლემა სულ გვაქვს, ბოლო ხუთი წელია უარესად გაფუჭდა. ყველა სოფელში გააკეთეს ჩვენს გარდა. შვიდკილომეტრიანი მონაკვეთი მაქსიმუმ 15 წუთის სავალია მანქანით, ჩვენ კი 40 წუთზე მეტს ვანდომებთ. ზამთარში უარესია, აღმართია და სოფლამდე ამოსვლა ჭირს. აქამდე რატომ არ გვიკეთებენ არ ვიცით, მაინც და მაინც ყველანუნდა წავიდეს სოფლიდან?! დაგვპირდნენ ორ კილომეტრს გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ არ ჩანან“, – ამბობს თისელში მცხოვრები ტარიელ კოჩიტოვი.

უგზოობაზე წუხს თისელის მკვიდრი შალიკო პლაჭიაშვილიც, მისი თქმით, სოფელში გზა ბოლოს გასული საუკუნის 70–იან წლებში გაკეთდა, „თქვენც კი ხედავთ რა დღეშია, მანქანებს ვეღარ ატარებენ ისეთი მდგომარეობაა, ყველა არჩევნებზე გვპირდებიან, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა გაკეთება“.

ადგილობრივები აცხდებენ, რომ ცუდი გზის გამო, მათ სოფელში ასვლა სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც უჭირთ: „წვიმა, რომ მოდის დაღმართს მთლიანად რეცხავს, მაღალი გამავლობის მანქანებიც კი რთულად დადიან. სახანძროს მანქანა, რომელიც წყლითაა დატვირთული ამ გზაზე როგორ გაივლის თქვენ წარმოიდგინეთ ახლა“, – ამბობს ეთერ კოჩიტოვი.

მისი თქმით, ცუდი გზის გამო ტაქსის მძღოლი ორმაგ თანხას ახდევინებს: „ამ გზაზე წამოსვლა არავის უნდა, რომ ეტყვი თისელიო გეწუწუნება და უფრო მეტს გთხოვს“.

იგივეს ამბობს თისელის მკვიდრი მაკა თაგოშვილიც და ისიც სხვა ადგილობრივების მსგავსად გზის გაკეთებას ითხოვს.

მოსახლეობის თქმით, უგზოობის და სხვა ბევრი პორბლემის გამო, სოფელი ბევრმა დატოვა, ამჟამად აქ 40–მდე ოჯახი ცხოვრობს.

„გვერდით  მეზობელი არ მყავს, ყველა წავიდა, ბავშვები აღარ იბადებიან, ასე თუ გაგრძელდა ბოლოს დარჩება მთა და ნასახლარი. გზა მნიშვნელოვანია, ბევრი რამ გაკეთდა: ამბულატორია, ლამპიონი, წყალი, მაგრამ ეს პრობლემაც მოსაგვარებელია“, – ამბობს ეთერ კოჩიტოვი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ  სოფელ თისელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი მზად არის, ამჟამად მის განსახორციელებლად ფინანსების მოძიება მიმდინარეობს, ამიტომ როდის დაიწყება გზის მოასფალტება ამ ეტაპზე უცნობია.

რამდენი ლარია გზის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო, პირველ ეტაპზე, რამდენი კილომეტრის მოასფალტება იგეგმება და როდის დასრულდება მთლიანად გზის მოწესრიგება ჩვენთვის უცნობია, ამ კითხვებზე ახალციხის მერიაში არ გვიპასუხეს.

სოფელ თისელში 2002 წლის აღწერით 242 მოსახლე ცხოვრობდა,  2014 წლის  მონაცემებით ეს რიცხვი 147–მდე შემცირდა. ადგილობრივების თქმით, სოფელში ამჟამად გაცილებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. დასახლება ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე მდებარეობს.