საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერები ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილით მიმართავენ და ევროკავშირს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას სთხოვენ

591

31 მაისს, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პრემიერმინისტრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ისინი ევროკავშირს სთხოვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრები ხაზს უსვამენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას კოვიდ-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია.

წერილში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი. მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზაობას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.