ცხოველების ინტერმუნიციპალური თავშესაფრის სააგენტო – ახალი ა(ა)იპ-ი გორში

1316

შემდეგი სტატია

“მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან ერთად, დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიული პირი – მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო”, – ვკითხულობთ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს განკარგულებაში, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

განკარგულების მიხედვით, სააგენტოს ძირითადი საქმიანობა იქნება შესაბამის მუნიციპალიტეტებში უპატრონო ცხოველების საკითხების გადაწყვეტა, აგრეთვე ადამიანისა და შინაური ცხოველების უსაფრთხო თანაარსებობისთვის მდგრადი გარემოს შექმნა და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა გასული წელს დასრულდა, თუმცა შენობა ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა და ფუნქციონირება არ დაუწყია. თავშესაფარი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით აშენდა და 2 მილიონამდე თანხა დაიხარჯა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვასილისა ჯაბახიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად გაწეული ხარჯისა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დროულად დაწყებულიყო თავშესაფრის მუშაობა.

“ეს შენობა უნდა გახსნილიყო 2020 წლის ნოემბერში, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ეს, რადგან გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვერ შექმნა ის კანონი, რომლითაც მოხდებოდა მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ერთად დროულად მუშაობა და თავშესაფრის ამუშავება. ჯერ არც ისაა ცნობილი, რა დაფინანსება ექნება და ვინ იქნება ხელმძღვანელი, არც ისაა ცნობილი, ახალი სააგენტოს შექმნა, გამოიწვევს თუ არა უკვე არსებული სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს გაუქმებას. ფაქტია, რომ 2 მილიონამდე თანხა დაიხარჯა პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ პრობლემა ჯერ ისევ მოუგვარებელია”, – ამბობს ჯაბახიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ახლად შექმნილი სააგენტოს ხელმძღვანელი ოთხივე მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით შეირჩევა.

“ეს თავშესაფარი იმუშავებს მთელი რეგიონის მასშტაბით, ეყოლებათ თავიანთი ტრანსპორტი, სპეციალურად აღჭურვილი, ალბათ უნიფორმებიც ექნებათ თანამშრომლებს, თანამშრომლები იქნებიან საკმაოდ კვალიფიციურნი და ამასთანავე გარკვეული ტრენინგები მაინც დასჭირდება მათ. შემუშავდება შესაბამისი დებულება, რის მიხედვითაც იმუშავებენ ამ თავშესაფარში დასაქმებული ადამიანები”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.