ექსპერტებმა მცხეთაში პომპეუსის ხიდის შესწავლა დაიწყეს

669

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან, მცხეთის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძესთან, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორებთან და ხიდების კონსტრუქტორებთან, ერთად მცხეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. პომპეუსის ხიდი დაათვალიერა, რომლის შესწავლაც სპეციალისტებმა, სამინისტროს ინიციატივით, დღეს დაიწყეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო რამდენიმე წელია მცხეთის მოსახლეობა აქტიურად ითხოვს ე.წ. პომპეუსის ხიდის მდგომარეობის შესწავლას, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ) შემდეგ წყლით არის დაფარული. ძეგლის შესწავლისა და შემდგომში მისი კონსერვაციის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს შუამდგომლობით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დროებით წყლისგან გაათავისუფლა ხიდი და სპეციალისტებს საშუალება მიეცათ დაიწყონ ძეგლის მდგომარეობის შესწავლა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კერძო კომპანიას, რომელმაც ძალიან სწრაფად, ჩვენი შუამდგომლობის შემდეგ, რამდენიმე დღეში მიიღო გადაწყვეტილება წყლის დაცლის შესახებ და ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი, თავისი სხვადასხვა შრეებით. გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე პერიოდი იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას. მაგალითად, ამ ძეგლს მოშორდეს მცენარეები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავისი ფესვებით აზიანებენ ქვას და ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება. რასაკვირველია, ეს პერიოდი არ იქნება საკმარისი სრულფასოვანი კვლევისათვის, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას იმისათვის, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იქნეს შენარჩუნებული და მომავალში შეძლებისდაგვარად შევძლოთ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებაც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„პომპეუსის ხიდის“ მდგომარეობას შეისწავლის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სანებართვო პირობების კონტროლის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, არქეოლოგი პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე, არასამთავრობო, პროფესიული ორგანიზაცია ICOMOS საქართველო დამფუძნებელთა საბჭოს წევრი მერაბ ბოჭოიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი გია ციციშვილი, კონსტრუქტორი ზურაბ გუბელაძე, კონსტრუქტორი ზურაბ ოქროშიძე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი, ხიდებისა და გვირაბების პროექტირების სპეციალისტი ჯუმბერ ვაშაკიძე და სამეცნიერო და კონსტრუქტორული კვლევითი სამუშაოების სპეციალისტი იოსებ მიქაძე.

მცხეთის ძველი (პომპეუსის) ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც პომპეუსის ხიდი, თუმცა ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და მისი აშენება რომაელ სარდალს არ უკავშირდება.