სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის გამო “ოცნების” საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს ემუქრება

1052

Factcheck-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე გუშინ მათ რეგიონულ ანალიტიკოსს, ნაზი რეხვიაშვილს დაუკავშირდა და დაემუქრა.

“ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა. საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ ტელეკომპანია 25-ისთვის მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ.

ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ.“ ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრნონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. ფაქტ-მეტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. ასევე, ჩვენი ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით.” ნათქვამია Factcheck.ge-ს განცხადებაში.

თავად “ქართული ოცნების” დეპუტატი ფაქტს მუქარად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ “პირადულს ვინც შეეხება, მიიღებს საკადრისს”.

“ქალბატონის სტატუსს და მის ყველაფერს ხომ გადახედეთ? ჩემ მიმართ რაღაც გააკეთა მის Facebook-გვერდზე და ის მაინტერესებს. პირადულს ვინც შეეხება, მიიღებს საკადრისს”, –სატელეფონო ინტერვიუში.  ამბობს სოლომონიძე ფორმულასთან

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.

” გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge”-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ – წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას”, – წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტზე მუქარა სისხლსამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს, – ასე ეხმაურებიან ფაქტს “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები.

“კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ კოალიცია “ქართულ ოცნების” ლიდერებს მიიღონ სათანადო ზომები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმების შესაჩერებლად”, – წერია კოალიციის განცხადებაში.