ხელვაჩაურში, მახოსა და სიმონეთში მცხოვრებლები ბუნებრივი აირის მიწოდებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ

749

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოტყუებული კიდევ ორი სოფელი აჭარაში. მახოსა და სიმონეთში მცხოვრებლები ბუნებრივი აირის მიწოდებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. სოფლებში ქსელის მოწყობა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახების გამრიცხველიანება და აირის მიწოდება გაურკვეველი მიზეზით ამ დრომდე არ მომხდარა. ოპოზიცია კორუფციასა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. ყველა უწყება პასუხისმგებლობას გაურბის, ამ დროს კი ხალხს გაძვირებული ცხოვრების ფონზე კერძების მომზადება თხევადი აირის ხარჯზე უწევთ, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

შოთა დიმიტრაძე ხელვაჩაურში, სოფელს მახოში ცხოვრობს. ბუნებრივი აირის შეყვანას ათეულობით წელია ელოდება. შესაბამისი სამუშაოები მუნიციპალიტეტში, 2019 წელს დაიწყო და გასული წლის სექტემბერში დასრულდა. გაზის მილები თავისი საცხოვრებლის ჭიშკრამდეც მიიყვანეს.  გვიყვება, რომ დაპირების მიხედვით, ბუნებრივი აირი თითოეულ ოჯახში დეკემბრის ბოლომდე უნდა შესულიყო, თუმცა დღემდე, ბუნებრივის ნაცვლად, ისევ, თხევადი აირით სარგებლობს.

გაზიფიცირების სამუშაოები 2 წლის წინ რომ დაიწყო და მონტაჟიც უკვე დასრულებულია, ამას სიმონეთში მცხოვრებლებიც ამბობენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გაზი ჟონავდა. ორი სოფლის მოსახლეობამ, ბუნებრივი აირის მოთხოვნით, დღეს, საპორტესტო აქციაც გამართა.

ხელვაჩაურში მცხოვრებლების პრობლემებზე  საუბრობენ ოპოზიციაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ქსელის მოწყობის სამუშაოები, შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის სექტემბერში კი, დამკვეთ კომპანიასთან მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა. მიშა ბოლქვაძემ, პროექტისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის ხარჯვა უშედეგოდ შეაფასა და ხელისუფლება, ფულის ფლანგვასთან ერთად, კორუფციაშიც დაადანაშაულა.

ადგილობრივებისა და ოპოზიციის მოსაზრებას, რომ გაზმა მილებიდან გაჟონა, უაყოფენ „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“. კომპანიის დირექტორის განმარტებით, პროექტი ჯერ არ ჩაუბარებიათ და მასთან შემხებლობაც არ ჰქონიათ.

მახოსა და სიმონეთში, გაზიფიცირების სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა, რომელთან დაკავშირებაც ვერ შევძელით.

მახოსა და სიმონეთის მცხოვრებლებმა ვერა, თუმცა, სუსხიანი ზამთარი, თბილად გაატარეს, ჩიტებმა. ფრინველებმა,  კერა, გაზის გამანაწილებელ ყუთში მოიწყეს, ანუ იქ, სადაც მათთვის უსაფრთხო და ხანგრძლივი ადგილსამყოფელი ეგულებოდათ.