ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება

748

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტული სეზონისთვის მზად არის, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში ტურისტული სეზონის მზადებას ადგილზე გაეცნო.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება.

,,ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ჩვენი ქალაქისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი, ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. სერვისები, რასაც აქამდე ვთავაზობდით ბაღის სტუმრებს, წელს უფრო მორგებული და ხელმისაწვდომი გახდა. პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა ახალი პროექტები და ბაღს უახლოეს პერიოდში რეკრეაციული ზონები შეემატება. პროდუქტების ნაწილში, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ასევე შედის ალპური ბოტანიკური ბაღი და ზოოკუთხე. ყველა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ბიომრავალფეროვნებით, ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებს და წელსაც სრული დატვირთვით, სერვისების შეთავაზებით, შევეცდებით ხელი შევუწყოთ დამატებით ვიზიტორების მოზიდვას. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბაღის განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივისთვის”, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

სერვისები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, წელს ბევრად მოქნილი და კომფორტული გახდა ვიზიტორებისთვის.

ბაღში მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი შეთავაზებებით როგორიცაა – ბაღის ტერიტორიაზე ელექტრომობილით გადაადგილება, გიდის, საპიკნიკე და საკემპინგე მომსახურება.

პარალელურად, ბაღში აქტიურად მიმდინარეობს ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.