ჭიათურის მერია: ჭიათურას მალე ახალი სტადიონი ექნება – არენა 10 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

939

ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქცია გადაწყდა – ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომის შემდეგ გამოაცხადეს.

1964 წელს აშენებული სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა, მისი რეაბილიტაცია გადაწყდა. ჭიათურაში ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე ახალ მოედანს დააგებენ და ტრიბუნების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

კომისიის სხდომაზე ორივე საკითხის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გადაწყდა. სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია მომზადდება და არენა უეფა-ს მეორე კატეგორიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი ვალდებულია მოამზადოს სტადიონის სამხრეთ ტრიბუნის რეაბილიტაციისა და ჩრდილოეთ ტრიბუნის მშენებლობის დეტალური პროექტი. ორივე ტრიბუნა ჯამში 10 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი, ტრიბუნის ქვეშ კი სხვადასხვა სივრცეები უნდა განთავსდეს.