ხარაგაულში მოსახლეობას წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათით მიეწოდება. მოსახლეობა უწყლობის გამო პროტესტს გამოთქვამს. ამ თემაზე სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
„ხარაგაულში წყალს დიდი გველეშაპი დაეპატრონა და ვეღარ დავაღწიეთ თავი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე“, – ამბობს ქეთი შარიქაძე.
„ვინმემ იცის, რატომ გვაქვს ასეთი საშინელი გრაფიკი. დავიტანჯეთ უწყლობით“, – ამბობს ქეთევან ხარაძე.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, გრაფიკში ცვლილება წყლის ხარჯის ზრდამ გამოიწვია.
„ამჟამად მოსახლეობას წყალს დილის 08:00 სათიდან 10:00 საათამდე და საღამოს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე ვაწვდით, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი, – წყლის ხარჯი ძალიან გაგვეზარდა. ცხელ დღეებში წყალს ნაკვეთების მოსარწყავადაც იყენებენ. ხარაგაულის მოსახლეობას ამჟამად წყალი მხოლოდ ადგილობრივი ჭაბურღილებიდან მიეწოდება, რაც არასაკმარისია. მოგეხსენებათ, ლეღვნის წყალსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“.
ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ლეღვნის წყალსადენის რეაბილიტაცია, ხარაგაულში წყლის ახალი ჭაბურღილების მოწყობა და პატარა ხარაგაულში რეზერვუარების მშენებლობა მიმდინარეობს.
„ლეღვნიდან ხარაგაულის მიმართულებით წყლის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, – ამბობს მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დირექტორი კობა ლომიძე, – ხარაგაულში ასფალტის მონაკვეთებია გასაჭრელი, რაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან უნდა შევათანხმოთ. სამუშაოების უფრო სწრაფი ტემპით წარმართვაში ხელი უამინდობამ შეგვიშალა. მდინარე ლეღვნურა ადიდდა და წყლის დონის დაკლებას ველოდებოდით“.
„ხარაგაულში წყალმომარაგების სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს, – ამბობს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი მიშა თათარაძე, – პირველი ეტაპი ითვალისწინებს: ლეღვანიდან ხარაგაულამდე მაგისტრალის მოწყობას, 400 კბმ მოცულობის ორ-ორი რეზერვუარის აშენებას, 90-მდე ოჯახის გამრიცხველინებას, ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ძველი სათავე ნაგებობის მოწესრიგებას, სამი ჭაბურღილის, სატუმბი სადგურისა და საქლორატოროს მშენებლობას.
მეორე ეტაპის სამუშაოებში მთლიანად ხარაგაულის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანებაა გათვალისწინებული. გამრიცხველიანდება მრავალბინიანი სახლებიც.
აგვისტოში, როცა სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება, 24-საათიანი წყალმომარაგება უკვე შესაძლებელი იქნება. ამინდებიდან გამომდინარე, პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებას აგვისტოს ნაცვლად სექტემბერ-ოქტომბერში ვვარაუდობთ“, – ამბობს მიშა თათარაძე.