საქართველოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის დღეს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას – „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამ შეთანხმების შედეგად 5 წლის პერიოდში საქართველოსთვის $330 მილიონ დოლარამდე რესურსი გახდება ხელმისაწვდომი.
როგორც ელჩმა შეთანხმების ხელმოწერამდე განაცხადა, ახალი საგრანტო შეთანხმება, შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, 330 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგარდი განვითარებისთვის.
“ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანი ეფექტების მიმართ, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს და სამუშაო ადგილებს შექმნის ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს, შეიქმნება ახალი პროგრამა ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიცირებას და რუსეთის დამოკიდებულებას შემცირებს.
ეს შესძლებელს გახდის, რომ საქართველოს მოსახლეობას ხარჯები შეუმცირდეს. ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისათვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორის ურთიერთობები გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა მცხოვრები საზოგადოების საჭიროებებს”, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ინვესტიციებს სასკოლო განათლებაში, იმ 7 მილიონის მიღმა რომელსაც აშშ-ის განვითარების სააგენტოს ფარგლებში ხორციელდება და რომელიც გასულ წელს დაიწყო. “ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურსს, რომ ამ მიმართულებით კადრები იყოს მზად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს ადგილობრივ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებული იყვნენ ხალხის წინაშე”, – აღნიშნა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ აშშ-ის განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში.
“ხედავთ და ხვდებით, რომ ახალი პროგრამა ძალიან გვახარებს. ეს არის ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და მეტად ინტეგრირების საკითხში ევროატლანტიკურ სივრცეში”, – აღნიშნა ელჩმა.
კელი დეგნანის განცხადებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობა გაგრძელებს საქართველოს დახმარებას იმისთვის, რომ გაძიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს.
“შეერთებული სტატები ერთგულია საქართველოს წარმატებისა”, – დასძინა ელჩმა.