კასპის ახალი სტადიონი სხვა ქალაქების გუნდებზე ქირავდება

493

17 მაისს, კასპის საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელებს მოედანი დაკავებული დახვდათ. ადგილობრივი კლუბი თბილისის “მერანს” უნდა შეხვედროდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოედანზე სხვა ქალაქის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები თამაშობდნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

რეგიონული ლიგის მონაწილე გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვანი თამაშისთვის იყო მომზადებული. მეტოქე გუნდის კეთილი ნებით კი, კასპელებს, გუშინდელი დღე, წაგებად არ ჩაუთვალეს. თამაში ერთი დღით გადაიდო.

,,რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის თამაშის ერთი დღით გადადება არ არის კარგი. სხვანაირად ხარ მომზადებული, ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც. როგორც გავარკვიეთ, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინც გააქირავა სტადიონი, არ იცოდა, რომ იმ დღით ჩვენი თამაში იყო ჩანიშნული. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.” – ამბობს კასპის გუნდის წარმომადგენელი ვალერი ზანგური.

მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ეს ფაქტი არ უნდა გახდეს საგანგაშო, რადგან მსგავსი გაუგებრობა შესაძლოა მომხდარიყო. მისი თქმით, სტადიონის გაქირავებით, გუნდიც გარკვეულ სარგებელს ღებულობს.

კასპის სტადიონი, რომელსაც მასშტაბური რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, მერიას ეკუთვნის. სტადიონის მოვლა-პატრონობა მერიის სპორტის სამსახურს ევალება. შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაც მათი ზედამხედველობით ხორციელდება.

ბოლო ორი თვის მანძილზე, თამაშების დამთხვევის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა, კასპის გუნდის წარმომადგენელი, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არ იყო სერიოზული შემთხვევა: ,,იყო ერთი შემთხვევაც, თუმცა, მაშინ თამაში, მხოლოდ, ერთი საათით გადაიდო.” – აღნიშნავს ვალერი ზანგური.

კასპის გუნდს წელს სერიოზული გეგმები აქვს. როგორც ვალერი ზანგური აღნიშნავს, მათთვის ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონულ ლიგაში წარმატების მიღწევაა, რომლითაც უკვე მომდევნო ლიგისკენ გზა ხსნილი იქნება.

,,რაც სტადიონი გაკეთდა კასპში, ფეხბურთელებს უფრო მეტი მოტივი გაუჩნდათ. ორი გუნდი გვაქვს: ,,კასპი 1936″ და ,,გენერალი”. მეორე გუნდი უფრო მინიფეხბურთის ტურნირებზე მონაწილეობს. რაც შეეხება მთავარ კლუბს, აქ, სულ, ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ” – ამბობს ზანგური.

საფეხბურთო კლუბი მეორე წელია არსებობს. მიმდინარე წელს, მერიამ სპორტსმენებისთვის წამახალისელები ღონისძიებების გატარება დაიწყო. საკუთარ მოედანზე თამაშის მოგების შემთხვევაში, ფეხბურთელები პრემიის სახით 100 ლარს იღებენ, ხოლო სტუმრად მოგების შემთხვევაში – 150 ლარს.

რაც შეეხება სტადიონის ქირისგან მიღებულ შემოსავალს, როგორც გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, მას ფეხბურთელების ეკიპირებისთვის და ინვენტარისთვის ხარჯავენ.