უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ “კომენდანტის საათის” გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო – გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან იმოქმედებს. შესაბამისად, რუსთავში იცვლება კერძო სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. ამის შესახებ ტვ4 წერს.
კერძოდ, როგორც ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, შიდა საქალაქო სამარშრუტო ტაქსები დღეიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ. გამონაკლისი იქნება 22-ე სამარშრუტო ტაქსი, რომელიც 22:00 საათამდე იმოძრავებს.
რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში, 20:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათამდე იმოძრავებს.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკს ხვალ კომპანია “ინტერტრანსი” დაადგენს. დღეს ბოლო “ყვითელი” მიკროავტობუსი დედაქალაქიდან რუსთავის მიმართულებით ნაცვლად 20:30-ისა, 21:00 საათზე გამოვა.