წინასაარჩევნოდ არაერთი დაპირების მიუხედავად, ათეულ წელზე მეტია თელავში, სასმელი წყლის პრობლემაა. სოხუმის ქუჩის მცხოვრებლები, სასმელ წყალს უშედეგოდ ითხოვენ. წლების განმავლობაში 16 ოჯახი სასმელი წყლით, რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე ჭაბურღილიდან სარგებლობდა, რომელიც დაშრა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი წყალს ვერც ახლომდებარე სოფელ შალაურის მოსახლეობისთვის დამონტაჟებული წერტილიდან იღებენ.
“ერთი წერტილია დამონტაჟებული სოფელ შალაურისათვის, რომლიდანაც ზოგჯერ ვსარგებლობდით, მაგრამ არ გვიშვებენ. ათეულ წელზე მეტია, ასე ვართ, წვიმას ველოდებით, რომ მოსახმარი წყალი ავიღოთ. ვისაც ავტომანქანა ჰყავს, ეზიდება და ვისაც არა, ასე ვიტანჯებით. ცოტა ხნის წინ, დევნილებისთვის გაყვანილი მილი დაზიანდა და იქიდან ამოსულ წყალს ვეზიდებოდით. ყველა არჩევნებზე გვპირდებიან და პატრონი არ გამოგვიჩნდა, წლებია,”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, სოხუმის ქუჩის მცხოვრებმა, ხათუნა კბილაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში პრობლემას აღიარებენ და აცხადებენ, რომ მისი მოგვარებისთვის მუშაობენ. მერის მოადგილე, დავით ბეგიაშვილის განცხადებით, მერიის შუამდგომლობით, სოხუმის ქუჩის მცხოვრებლებთან სასმელი წყლის მიყვანა დაჩქარდება.
“ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წყლის მიყვანა ამ ოჯახებამდე დაჩქარდეს. ჯერჯერობით, ცისტერნებით მივაწვდით წყალს,”- განაცხადა ბეგიაშვილმა.
უცნობია კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მოსახლეობას წვიმისა და მერიის მიერ მიწოდებული წყლით სარგებლობა.