ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები მაინც ჩატარდება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გურჯაანში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მსახიობების ფაეტონით მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, რამდენიმე ფლეშმობიც იგეგმება.
ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა, ქალაქის რამდენიმე ქუჩას მოიცავს და გურჯაანის იუსტიციის სახლთან დასრულდება.მსვლელობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 4237 ლარი დაიხარჯება, ღონისძიებას კი ტენდერში გამარჯვებული, თბილისში რეგისტრირებული, შპს ” ავანსცენა” გაუწევს მომსახურებას.
ეროვნული სამოსის დღის გარდა, მუნიციპალიტეტი კიდევ რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას გეგმავს.
ტენდერი ჩატარდა და გამარჯვებული უკვე გამოვლინდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ჩასატარებლად. ღონისძიების მოსაწყობად, ტენდერი, 33 ათას ლარზე გამოცხადდა.
ინტელექტუალური თამაშის, რა, სად, როდის მოსაწყობად, რომელიც აპრილ-მაისს და ოქტომბერ- ნოემბერში გაიმართება, მერიამ გამარჯვებული უკვე გამოავლინა.
თამაშის მოსაწყობად, 4661 ლარის ღირებულების ტენდერი შპს “აქვა- ენერჯის” აქვს მოგებული, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული.
12 711 ლარზე გამოაცხადა ტენდერი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსაწყობად.
ხელშეკრულების მომზადება უკვე მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანია შპს ” ნაით- შოუსთან”, რომელიც ასევე თბილისშია რეგისტრირებული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ღონისძიებები, რეგულაციების დაცვით ჩატარდება, ხოლო დამოუკიდებლობის დღის კვირეულს ფორმატი შეეცვალა.
” ახალი წლის შემდეგ, ჩვენ ღონისძიება არ ჩაგვიტარებია. ჩვენი განთქმული ღვინის ფესტივალები, რომლებზეც 30 ათასი ვიზიტორი მოდიოდა, პანდემიამ ჩააგდო. ამ ღონისძიებებს ვატარებთ რეგულაციების სრული დაცვით, დამოუკიდებლობის კვირეულს შევცვალეთ ფორმატი და გამოიფინება მხოლოდ ბანერები, ინტელექტუალური თამაშები დასვენების დღეების გამო გადაიდო, უახლოეს დღეებში დაიწყება და ღია ცის ქვეშ ჩატარდება-“განაცხადა ხანდამაშვილმა.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, მანანა გოგაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება, კორონა ვირუსის ასეთი გავრცელების პირობებში, საფრთხის შემცველია.
” ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები არ უნდა ტარდებოდეს. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება რთულია, ჯერ კიდევ პიკს ვინარჩუნებთ, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს. სანამ მდგომარეობა არ შემსუბუქდება, არ არის მიზანშეწონილი ფართო შეკრებები. ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ჩვენს მუნიციპალიტეტში,ისეთივე მდგომარეობაა, როგორც მთლიანად, ქვეყანაში”- განაცხადა გოგაშვილმა, რადიო ჰერეთთან.
მაისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სულ ხუთი ტენდერი გამოაცხადა. აქედან ერთი, ახალგაზრდული ღონისძიებების მომსახურებისათვის გათვალისწინებული, არ შედგა.