დმანისის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა – ადამიანთა ჯგუფი მოქალაქეს ხელკეტებით გაუსწორდა

523

ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა პოლიციის ავტობუსით აქვს გადაკეტილი.

შეგახსენებთ, დღეს, 17 მაისს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.