გომელაური დმანისზე: დამატებითი ძალები შევიყვანეთ, თუმცა, არ აღმოჩნდა საკმარისი

505

წინა სტატია

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს რომ გუშინ დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ადგილზე სამართალდამცავების რაოდენობა საკმარისი არ იყო და სიტუაციის დროულად ვერ განმუხტეს.

“ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში გაათმაგებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა, განიმუხტა ამის შემდეგ”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია დმანისში მომხდარი ეთნიკურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ამას არ დაუშვებენ. ის ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

მედიასთან კომენტარის დროს მან თქვა, რომ ადგილზე დეპუტატებიც იმყოფებიან, ისაუბრებენ და შესაძლოა ორივე მხარესთან შეხვედრა გამართონ.

შეგახსენებთ, დღეს, 17 მაისს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.