დევნილი ოჯახებისათვის თბილისსა და ქუთაისში ბინების შეისყიდვა იგეგმება

435

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინების შეისყიდვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

შესყიდვა სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში განახორციელებს.

დევნილთა სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ, კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

უწყების ინფორმაციით, საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს.

„მიმდინარე წელს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 მაისს დაიწყო და 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება”, – განმარტავენ სააგენტოში.