ქალაქ ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ზვიად სიჭინავასთვის გაუგებარია სამედიცინო სერვისის კუთხით სახელმწიფოს პრიორიტეტები აფხაზების და ეთნიკურად ქართველების მიმართ. ამის შესახებ მან დადიანების სასახლის ეზოში მიმდინარე მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.
„მე ამაზე მაქვს პრეტენზია. როცა აფხაზეთიდან აფხაზი გადმოდის, ჩვენ ვაფინანსებთ 100%-ით. როცა გადმოდის ეთნიკურად ქართველი, 50%-ით, ადგილობრივს არაფერს ვუფინანსებთ. მთელს საქართველოში მე რატომ უნდა ვიგრძნო თავი ვიღაცაზე ნაკლებად? ჩემი ძმა არის აფხაზი, კი, მაგრამ რატომ ამ აფხაზს 100% და ქართველს 50%? ამას ვერ ვგებულობ“, – აღნიშნა მან სოფლების ნაწილში ამბულატორიების არარსებობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
თავის მხრივ, ოპოზიციონერმა კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ მათი მერობის პირობებში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ყველა სოფელში სამედიცინო პუნქტები ამოქმედდება.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატ ლაშა გოგიას თქმით, რუხში საუნივერსიტეტო კლინიკა შენდება, რომელიც აფხაზებთან ერთად ქართველებსაც მოემსახურება, ამ კლინიკას კი ამბულატორიები მიებმება. მანვე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრის გახსნაზე ზუგდიდში, სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე და განმარტა, რომ შემუშავებული ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, სოფლის ექიმები ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდებიან.
წყარო: ლაივპრესი