UNICEF და USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდ“-ი პროექტს – „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ იწყებს

820

„გაეროს ბავშვთა ფონდისა“ (UNICEF) და აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ იწყებს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში 23 მუნიციპალიტეტში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ტრენინგები და ვებინარები ჩატარდება.

„გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინფორმაციით, ასევე ჩატარდება, საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია. კურსის დასასრულს, ყველა მონაწილეს პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. ინიციატივის ფარგლებში, ისინი მუნიციპალიტეტში დაგეგმავენ და მოხალისეობრივ პროექტებს თანატოლთა ჩართულობით განახორციელებენ.

„ტრენინგის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნობიან პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევით რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. ტრენინგს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.

ინიციატივა ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ მიზანია, პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი უკვე 10 წელზე მეტია, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ახდენს მოხალისეობის პოპულარიზაციას და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, მართავს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს საქართველოს მასშტაბით. #დაიცავიჰიგიენაშენიჯანმრთელობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.