ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრაქტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში.
„ის სოფლები, რომლებიც დაცილებულია ურბანულ ცენტრებს და ჯერ არა აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტი, მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან, ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება: პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის – მაღალი ხარისხის ინტერნეტი ყველგან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.