კობახიძე: საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები განიხილება, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს

793

იმ პროცესის ფარგლებში, რაც საარჩევნო რეფორმას უკავშირდება, საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები განიხილება, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციები საკომიტეტო და პლენალურ განხილვის ფარგლებში გაგრძელდება.

„იმ პროცესის ფარგლებში, რაც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, განიხილება საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები, რომელიც გამომდინარეობს მიშელის შეთანხმებიდან. ამ ნაწილში ჩვენ გვექნება შემდგომი კონსულტაციები, გაგრძელდება კონსულტაციები საკომიტეტო და პლენარული განხილვის ფარგლებში და იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც არის დაკავშირებული საარჩევნო კოდექსთან, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა სამივე დონეზე კომისიებში. 8 ოპოზიციურ პარტიას ეყოლება 8 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში, გარდა ამისა, მინიმუმ 10 % საარჩევნო უბნების გადაითვლება ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, შემოღებული იქნება 100 მეტრიანი რადიუსი. იცვლება საარჩევნო სისტემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კერძოდ, იცვლება პროპორციები და ა. შ. ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები , რომელიც განხორციელდება“ , – განაცხადა კობახიძემ.