ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი კვირის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს და თუ ის დაბალი იქნება, არსებული რეგულაციები შემსუბუქდება. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ყველაფერს შეეხება ეს ერთობლივად”, – განაცხადა თურნავამ.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, რეგულაციები რამდენიმე თვეა დაწესებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას აკრძალულია რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობა. დაშვებულია მხოლოდ გატანის სერვისით მუშობა. ასევე, აკრძალულია ფართის სოციალური ღონისძიებებისთვის გაქირავება.
რაც შეეხება კომენდანტის საათს, ის საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს.