ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული პროექტები ურბანულ განახლებასთან ერთად ითვალისწინებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლის რეაბილიტაციას. მათ შორისაა დუშეთში ილიას სასამართლო, ყაზბეგში ცენტრალური მდებარეობის და მიმდებარე სახლები, თიანეთში ყველა ასაკის ადამიანისთვის ფუნქციურად დატვირთული სივრცეების მოწყობა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამართული სპეციალური კომისიის სხდომის შემდეგ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მცხეთაში, პროგრამის განხორციელებისთვის პროექტები ქალაქის გენგეგმის გათვალისწინებით, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით შეირჩევა.
„რაც შეეხება მცხეთას, მოგეხსენებათ, ჩვენ გენგეგმის დამუშავების პროცესში ვიმყოფებით და როდესაც უკვე პროცედურულად მოგვეცემა შესაძლებლობა, შერჩეული იქნება შესაბამისი არეალები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გენგეგმასთან, იუნესკოსთან, ძეგლთა დაცვასთან და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმების პირობებში განხორციელდება“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტეფანწმინდას ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
,,მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდას ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, დუშეთის ისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლის და ქუჩებია რეაბილიტაცია; თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდენარე რეკრეაციის განვითარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.