სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების პირველი პირები პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც რეგიონების ურბანულ განახლებას გულისხმობს, სამთავრობო კომისიას 46 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს წარუდგენენ. კომისიის გასვლით სხდომაზე გაირკვევა რომელ პროექტს დააფინანსებს სახელმწიფო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, მარინა გაჩეჩილაძის ინფორმაციით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე შერჩეულია. ახლა გადაწყდება მათგან რომელი მოხვდება „ურბანული განსახლების“ პროექტში.
კომისიის თანხმობის შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე დაიწყება:
ახალციხე – რუსთაველის 124–ის მიმდებარე ტერიტორია (იგულისხმება კლუბის, სკვერის, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია), ხელოვნური ტბის ამორტიზებული შადრევანი, ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორია, რაბათის აბანოები და სინაგოგა;
ახალქალაქი – თავისუფლების ქუჩა, მოედანი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები;
ასპინძა – ე.წ. სამკუთხა სკვერი და ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორია;
ადიგენში –დაბის სკვერი (მერიის წინ) და მიმდებარე ტერიტორია;
ბორჯომი – კოსტავას სკვერი, მიმდებარე ტერიტორია და კავალერიის სახლი;
ნინოწმინდა – ქალაქში მდებარე ორი სკერიდან ერთ–ერთი;
ცნობისთვის, 26 აპრილს, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებისთვის „მასშტაბური განახლების“ პროგრამა წარადგინა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში დაახლოებით 15 000 ადამიანი დასაქმდება და მისი პირველი ფაზა მთავრობას 500 მილიონი ლარი დაუჯდება.
„მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა – ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტის, კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები“, – განაცხადა 26 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა.