გაბუნია: მიმდინარეობს შეთანხმება „ფაიზერთან“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე

530

მიმდინარეობს შეთანხმება „ფაიზერთან“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე და ვფიქრობთ, მაისის ბოლომდე ეს შეთანხმება დასრულდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მაისის ბოლოს გვეცოდინება, როდის და რა რეჟიმით შემოვა „ფაიზერის“ დამატებითი დოზები.

„ფაიზერთან” ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკება დავიწყეთ რამდენიმე თვის უკან. ახლაც, ამ მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს შეთანხმება დამატებითი დოზების მობილიზებაზე და ვფიქრობთ, მაისის ბოლომდე ეს შეთანხმება დასრულდება და გვექნება უფრო კონკრეტული სქემა, როდის და რა რეჟიმით შემოვა ქვეყანაში დოზები ბილატერალური მოლაპარაკების ფარგლებში“,-აცხადებს გაბუნია.

ამასთან, როგორც გაბუნია განმარტავს, მოზარდებში „ფაიზერის“ ან სხვა ვაქცინის გამოყენებას მას შემდეგ დაიწყებენ, როდესაც შესაბამისი რეკომენდაციები იქნება.

„როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში „ფაიზერის“ ან სხვა ვაქცინის გამოყენების თაობაზე, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა გადაიხედება, ბუნებრივია, ეს საკითხი დაისმება ექსპერტების საბჭოს წინაშე, რომ მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“, – აცხადებს გაბუნია.