ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული პაკეტი, თუ რა შემთხვევაში და როგორ მოხდება ვაქცინირებული ადამიანების წახალისება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ვაქცინაციის საბჭოზეც იქნება მსჯელობა.
„კარგია, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან მაღალ აქტივობას აცრებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმას, რომ უკვე აცრის სარგებელი ყოველგვარი სტიმულის გარეშე მოსახლეობისთვის უფრო მეტად გასაგებია და ამ ჩართულობის გააქტიურებას მეტად ველოდებით.
რაც შეეხება წახალისებას, წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს, აშშ-ში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე კიდევ დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან, რადგან წახალისების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ ეს არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მთელი ეს საკითხები დამუშავებული იქნება. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“,-განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ვაქცინაცია ორგანიზებულად მოხდება.
„რაც შეეხება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციას, ტურიზმი წინა საბჭოზე დასახელდა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფი, პოლიცია, პენიტენციური სისტემა, მედიის წარმომადგენლებზეც იყო ასევე საუბარი, რა თქმა უნდა, პედაგოგებიც. ტურიზმის სექტორის მხრიდან აქტივობა იზრდება, გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 700 მოქალაქე დარეგისტრირდა ვაქცინაციისთვის. ჩვენ ორგანიზებულად დავეხმარებით ტურიზმის წარმომადგენლებს, რომ სწრაფად მოხდეს მათი ვაქციანცია ისე, რომ შეიქმნას კოვიდისგან თავისუფალი, უსაფერთხო ადგილები ქვეყანაში“,-განაცხადა გაბუნიამ.