“ასტრაზენეკასთან” მიმართებაში შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.
“ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით როგორც იცით ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის არამარტო ჩვენთან, არამედ სრულიად ევროპის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა, რაც ჩვენთვის იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ის მოსალოდნელი გართულება, რომელიც შესაძლებელია “ასტრაზენეკას” უკავშირდებოდეს იმდენად იშვიათია, რომ “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებული სარგებელი ნებისმიერ ასაკში აჭარბებს იმ რისკს, რაც შესაძლოა იყოს განპირობებული. დღეს ვიმსჯელებთ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს ასაკის “ასტრაზენეკასთან” მიმართებაში, რადგან ჩვენც მოგვმართავს ძალიან ბევრი მოქალაქე, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალები და ისინი გვთხოვენ, რომ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ თავად შეუძლიათ შეაფასონ ის რისკები რაც “ასტრაზენეკას” შეიძლება უკავშირდებოდეს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ქვეყანაში “ასტრაზენეკას” დოზების პირველი პარტია პრაქტიკულად ამოწურულია.
“პრაქტიკულად აღარ არის დარჩენილი შემოსული დოზები, ანუ ჯავშნები არის უკვე ყველაზე, პრაქტიკულად ამოწურულია პირველი პარტია, ანუ მაისის ბოლომდე ვერ გასტანს და დამატებითი დოზების უტილიზაცია უკვე 20 მაისიდან დაიწყება და მასაც აქვს დაახლოებით 3 თვის ვარგისიანობის ვადა, ანუ არც ერთ ამ შემთხვევაში “ასტრაზენეკას” დოზებს არ ემუქრება ის, რომ მათი უტილიზაცია სწრაფად ვერ მოხდება, მცირე დოზებია ეს და დამატებით კიდევ ველოდებით “ასტრაზენეკას” დოზებს მოკლე ხანში”, – განაცხადა გაბუნიამ.