ქარსელაძე: პროგრამა „განახლებულ რეგიონებში“ თვითმმართველობების ჩართულობა უპრეცედენტოა

343

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამაში – „განახლებული რეგიონები“ თვითმმართველობების ჩართულობა უპრეცედენტოა. ახალი შესაძლებლობები ჩნდება, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც.

„ძალიან საინტერესო პროცესია, ასეთი ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებები აქამდე მუნიციპალიტეტებს არ მიუღიათ. ეს არ არის მხოლოდ გზის და სკვერის რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე ერთად, გამდიდრებულით უკვე კონკრეტული ფუნქციებით, ისეთი ელემენტების დამატებით, რომლებიც მათ ეკონომიკურ ბიძგს მისცემს“, – აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ქარსელაძემ დეტალურად ისაუბრა კონკრეტული მუნიციპალიტეტების პროექტებზე, რომლებიც მათ სულ სხვა პერსპექტივებს უხსნის.

„მაგალითად ქობულეთში მოეწყობა ბულვარი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს, სადაც ძალიან მჭიდროა დასახლება. მოსახლეობას ასეთი ბულვარის პირობებში აბსოლუტურად სხვა პერსპექტივა გაუჩნდება. იგივე ჩასულ ტურისტებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, ძალიან საინტერესოდ გაატარონ დრო.

ბათუმში ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს ახალი ბულვარის, მწვანე დერეფნის მოწყობას. ასეთი ჯერ ბათუმს არ ჰქონია. პერპენდიკულარულად იმ ბულვარისა, რაც მოწყობილია ინტენსიურად განაშენიანებულ გარემოში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული მწვანე სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას. იქნება კონკრეტული სარგებელი როგორც ადგილობრივი მოსახლესთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

მესტიას დღემდე არ ჰქონდა რეკრეაციული პარკი. მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები. ოზურგეთში ყოფნისას განვიხილეთ ოზურგეთის პარკის ახალი შესაძლებლობები.

ყველა გადაწყვეტილება არის მიმართული კონკრეტული სარგებლისკენ. ძალიან საინტერესო სამუშაო ელოდებათ არქიტექტურულ-ურბანულ კომპანიებს. პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არის ინიცირებული, ნამდვილად უპრეცედენტოა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ურბანული განახლების, 63 მუნიციპალიტეტში ამ მოცულობის სამუშაოები არასდროს გვქონია”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.