ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
აჭარის მთავრობის ცნობით, მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო შვიდ ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია ერთ გვირაბზე, გაჭრილია ორი გვირაბი და მიმდინარეობს ორი გვირაბის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.
მათივე ცნობით, პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.