რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 11.3 მილიონი ლარია.
სპორტული კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. პროექტით გათვალისწინებულია ასევე ღია კაფისა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, საკონფერენციო დარბაზი და ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებას ესაჭიროება. სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია პარკინგის მოწყობა.
სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ზუგდიდის სპორტული კომპლექსის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.