ხელისუფლება, რომელმაც კონცეფციის შესაქმნელად ნახევარი მილიონი გადაიხადა, დღეს ამ პროექტს არ იცავს – რა ხდება ბათუმის ბულვარის განვითარების ახალი კონცეფციის გარშემო

2164

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ბათუმის ბულვარის განაშენიანების კონცეფციის ირგვლივ ხმაური არ წყდება. კონცეფციის პირველი საჯარო განხილვაც გასულ კვირას უკვე ჩატარდა. ერთ-ერთ უმთავრესი პრობლემა, ბულვარის ტერიტორიაზე დასაშვები იქნება თუ არა ცათამბჯენების მშენებლობა, კონცეფციაში პასუხი გაეცა – 16-სართულიანი ამბასადორის მშენებლობა კულტურულ მემკვიდრეობის ზონაში არ შეიძლება. თუმცა, კონცეფციის პირველმა საჯარო განხილვამ დიდი ვნებათაღელვის ფონზე ჩაიარა და ბულვარის მეიჯარეების უკმაყოფილება გამოიწვია. რას ითვალისწინებს პროექტი, როგორია ზღვისპირა პარკის მომავალი, – ამ თემაზე droa.ge-სთან პროფესიით ექიმი კარდიოლოგი და „დაიცავი ძველი ბულვარის“ აქტივისტი ზეინაბ დიასამიძე საუბრობს.

– ბათუმის ბულვარის განაშენიანების კონცეფციის განხილვას, რომელმაც დიდი ხმაურით ჩაიარა, თქვენ ესწრებოდით. რას ითვალისწინებს ბათუმის ბულვარის განაშენიანების კონცეფცია, რა მოგწონთ თქვენ ამ ბოლო ვერსიიდან და რა შენიშვნები გაქვთ?

– პროექტი მომწონს. ბევრი რამ არის შეცვლილი 2015 წლის იმ პაროდიული კონცეფციიდან, სადაც მთლიანად გადათხრილი იყო 2 ხეივანი და მიწასთან გასწორებული იყო მცენარეული საფარიც. ძალიან სასაცილო კონცეფცია იყო. მაშინ ჩვენი ჯგუფი ამას მთლიანად ვეწინააღმდეგებოდით. ახლა ვხედავ, რომ განაშენიანების ახალ გეგმით ბათუმის ბულვარის, როგორც უნიკალური საპარკო ძეგლის, ძველი იერსახით შენარჩუნება ხდება.

კონცეფცია ითვალისწინებს იმას, რომ მასში უხეში ჩარევები არ შეიძლება, არ შეიძლება მწვანე საფარის განადგურება, არც მაღალი შენობებისა და ბეტონის ცათამბჯენების აშენება, მათ შორის, ამბასადორზეც არის ნათქვამი, რომ მწვანე საფარში, მწვანე ზოლში არ შეიძლება სხვადასხვა გასართობი ობიექტების, საკვები ობიექტების, სახაშეებისა და სამწვადეების განლაგება. ზღვისპირა პრომინატზე ზღვასა და ადამიანს შორის ბეტონის კედელი არ უნდა იყოს, უნდა იგრძნობოდეს, რომ საზღვაო ქალაქში ხარ და ეს გათვალისწინებულია.

– საკვები ობიექტების თემამ გამოიწვია აგრესია. რა პრეტენზიები აქვთ მეიჯარეებს?

– კონცეფციის განხილვაზე მოსული კერძო მეწარმეები, რომლებსაც ფართები აქვთ, ზოგს ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, ზოგს – აქვს ხანგრძლივი ვადით, ძალიან აგრესიულები იყვნენ. ამ გეგმით მათთვის შეთავაზებულია, რომ გაკეთდება საკვები ობიექტები, მაგრამ არა პრომინანტზე და არა ზღვის დასაფარად და რომ ეს კაფეები უნდა იყოს მსუბუქი კონსტრუქციის და თავისი შიდაგანაწესით, თუმცა, ამათ უნდათ, რომ ჩამჯდარი იყვნენ მწვანე ზოლში, სადაც არიან გამაგრებული, მწკრივად აწყობილი. არანაირ დათმობაზე წასვლა არ უნდათ, იმათაც კი, ვისაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ.

მე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვარ, დაბადებული, გაზრდილი და ლამის დაბერებული ბათუმში. ჩვენმა ჯგუფის წევრებმა, ბათუმელმა აქტივისტებმა, ვიცით, რა არის ბულვარი და საჯარო ზონა და გვინდა, რომ ბულვარი გვქონდეს, ამ ძეგლს მოვეფეროთ და შევინარჩუნოთ მომავალი თაობებისთვის. არავის მივცემთ ჩვენთვის თითის ქნევის უფლებას და იმის თქმის უფლებას, რომ თქვენ თუ ბაღი გინდათ, წაბრძანდით მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღში, ბულვარში კი მეიჯარეებს და ტურისტებს უნდათ ეს საკვები ობიექტები და სახაშეები.

წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება. ამ საკითხის მთელი სიმწვავე კიდევ იმით არის გამოწვეული, რომ ხელისუფლება, რომელმაც კომპანია “ბაუ დიზაინს” თავადვე დაუკვეთა პროექტი, ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა, ეს ხელისუფლება დღეს ამ პროექტს არ იცავს.

– რაში ჩანს, რომ აჭარის ხელისუფლება ამ კონცეფციას არ იცავს?

– რაღაც გაუგებარი განცხადებები კეთდება მთავრობის თავმჯდომარის მიერ. მე, მაგალითად, ვერ გავიგე, რას ამბობს… არ იცავს და შემოგვატოვა ეს თემა სამოქალაქო სექტორს და გამწარებულ მეიჯარეებთან დაგვაპირისპირა. ამაზე მიანიშნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ განაშენიანების გეგმის განსახილველად დაგეგმილი იყო 2-დღიანი სამუშაო რეჟიმი, მათ შორის, ჯერ იყო პრეზენტაცია სამთავრობო ჯგუფებთან და მეიჯარეები, რატომღაც, სწორედ იმ შეხვედრაზე მოცვივდნენ, რომელიც არასამთავრობოებთან და სამოქალაქო სექტორთან იყო ჩანიშნული. სწორედ ჩვენთან შეხვედრაზე მოცვივდა, თუკი ვინმეს “კიოსკი” და რესტორანი აქვს ბულვარში. ყველა პირგამეხებული, შტურმით და აგრესიით იყო მოსული და ჩვენს მიმართ იყო პრეტენზია-ბრალდებები. ვუხსნიდით, რომ თუ პრეტენზიები გაქვთ, ხელისუფლების მიმართ უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი წყვეტენ საკითხს და არა აქტივისტები.

მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ ამ მოიჯარეების ჩვენზე შემოსევა, ეს იყო ხელისუფლების ხელწერა. ჩვენ, აქტივისტები, დიდი ხანია ვიბრძვით და ვიცით მათი ხელწერა როგორიცაა.

კერძო სექტორის ზოგიერთი, ძალიან აგრესიული წარმომადგენელი გარბოდა გარეთ, ტელეფონით იღებდა დავალებებს და უკან მობრუნებისას შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა. მეიჯარეების ნაწილი მეცოდება, მაგრამ ძალიან ბევრს სასტუმროები და კაზინოები აქვთ ქალაქში და ნუ აგვატირებენ.

მე არავის ვერჩი, ბიზნესის გარეშე ქვეყანა ვერ იქნება, მაგრამ ბიზნესმა არ უნდა ჩაყლაპოს ქვეყანა და ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რაც ქვეყანას სავიზიტო ბარათად გააჩნია. მე მიმაჩნია, რომ ჩემს პოზიციაში სწორი ვარ. ბათუმი შეგნებული და კულტურული ქალაქი იყო ყოველთვის და დღეს ყველაფერი ასოცირებულია ხაშთან და მწვადთან. სხვა არაფერი აღარ აინტერესებთ და ჩვენ გვაწვებიან, აქცენტს გვიკეთებენ, რომ გაჭირვებული დროა და გვიჭირს. მაშინ მივდგეთ და დავანგრიოთ, რისთვის შენდება და რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, არ ვიცი.

– თქვით, რომ ბულვარის კონცეფციის წინა ვარიანტს არ ეთანხმებოდით, რა იყო იმ კონცეფციაში ისეთი, რაც ახლა გამოსწორდა?

– ის იყო სრულიად პაროდიული კონცეფცია, გადახნული მწვანე ბულვარი. წარმოიდგინეთ, ძალიან სასაცილო ქვევრები რომ არის დაგდებული ევროპულ ბულვარში, იქიდან გაკეთებული ჩანჩქერი. აღა-მაჰმად-ხანის გადათხრილს ჰგავდა იმ პროექტით ბულვარი. მაშინ ბათუმი ფეხზე დადგა. ავტეხეთ ყვირილი. აქ კი შენარჩუნებულია ყველაფერი, მწვანე საფარი. ინგლისელმა ლანდშაფტის დიზაინერებმა იმუშავეს, რომ სადაც დასამატებელია სიმწვანე, გამწვანდეს და გაბევრდეს.

– კვების ობიექტების თემა როგორ იყო ძველ კონცეფციაში?

– რესტორნები და კაფეები არხეინად იყო ჩადგმული ხეების ნაცვლად.

– ყველაზე დიდი პროტესტი ბულვარში ამბასადორის მშენებლობის საკითხზეა. მაღალსართულიანი შენობების თემა როგორ იყო და ახალ კონცეფციაში რა შეიცვალა ამ მხრივ?

– 2015 წელს საერთოდ არ იყო ამბასადორის ხსენება. ახალ ვარიანტში პირდაპირ ითქვა, რომ ნებართვა გაცემულია მხოლოდ სამ სართულზე და ეს ტერიტორია ვერ აიტანს სამ სართულზე მეტს. არავითარი ამბასადორის მაღალი სართულები.

ბულვარის განაშენიანების ახალ გეგმაში შენიშვნები თუ გაქვთ და რას ეხება ის?

– კითხვები მაქვს რივიერასთან დაკავშირებით. რივიერას ტერიტორია ბულვარის ტერიტორიაში საერთოდ არ შედის, რატომ არ შედის, ესეც აჩენს კითხვებს. რივიერას გაშლილი სივრცე ძალიან ლამაზია. მიმდებარედ დგას ეშმაკის ბორბალი და საოცრებათა მოედნიდან ამ პანორამის აღქმა ეშმაკის ბორბლის გამო შემცირებულია. სულ ვიბრძვით, რომ ეს პანორამა ბათუმს არ უნდა მოვუკლათ. კონცეფციაში საუბარია ეშმაკის ბორბლის გადატანაზე, რაც ძალიან ძვირი დაჯდება და აქ მე და ბევრ ბათუმელს გაგვიჩნდა კითხვა.

არსებობს აბსურდული პროექტი, რომ “ბათუმის რივიერას” მეპატრონეები აპირებენ ზღვიდან არხის შემოყვანას ქალაქში, იახტ-კლუბის გაკეთება უნდათ. ეს არის სასაცილო პროექტი. შემოჰყავთ არხი, იახტები უნდა მიაყენონ და იმას ვერ ფიქრობენ, რომ ეს კონცხი არის მყიფე, რომლის ქვემოთ არის კანიონი, რომელიც ვერავინ შეისწავლა. იტალიელებიც კი რეკომენდაციას აძლევენ, რომ აქ იყვნენ ფრთხილად. ასევე, გაეროს მეცნიერთა დასკვნა გვაქვს იმის თაობაზე, რომ ეს არის ძალიან საშიში სანაპირო და მყიფე კონცხი, რომელზეც ტექნოგენური დატვირთვა წარმოუდგენელია.

– რა ადგილზე უნდა გაიჭრას არხი?

– გზიდან ბათუმის პანორამას რასაც ხედავთ, სენ-ტროპეს და მონტე-კარლოს ჰგავს, ნახევარკუნძულით რომ არის შეჭრილი, აი, ეს ღია, ულამაზესი სივრცე, რომელიც არის ბათუმის მართლა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, საიდანაც სამყარო ხედავს ბათუმს, აქ უნდათ არხის გაჭრა. ბათუმი აქიდან იწყება. ეს არის კონცხი, სადაც,თავდაპირველად, უნდოდათ 6 ცათამბჯენის აშენება, 52, 50, 45 და 38-38-სართულიანი შენობების. შემდეგ ძალიან რომ დავდექით ქალაქი ფეხზე, თითქოს დათმობაზე წავიდნენ და ერთი მოაკლეს. ამ ტერიტორიაზეა ამ არხის გეგმაც.

ამ ბრძოლაში კარდიოლოგმა ქალმა ბათიმეტრიაც ვისწავლე და გეტყვით, რაც ხდება. ზღვის ხელოვნურად შემოყვანა უნდათ, ვენეციას აკეთებენ, თუმცა, ვენეციაში ეს ბუნებრივი არხებია, და იქაც როგორი პრობლემაა, ვიცით – ყარს ქალაქი. აქ კიდევ, ზღვას რომ ხელოვნურად შემოიყვან არხით ქალაქში, ის წყალი ცირკულაციაში უნდა მოვიდეს, თორემ დალპება და ჭაობი გაკეთდება. ამას მოვაწესრიგებთო, მაგრამ მოწესრიგებაში თვლიან, რომ ძალიან დიდი წყლის საქაჩები უნდა დაიდგას, რომლის მარტო ზუზუნი გააგიჟებს ქალაქს და თანაც, ისედაც მყიფე კონცხს საერთოდ ჩალეწავს.

– ახალ კონცეფციაში წერია ამ “ახალ ვენეციაზე” რამე?

– არა, კონცეფციაში არხი ნახსენები არ არის. უბრალოდ, მე და ბევრ ბათუმელს გაგვიჩნდა კითხვა, ხომ არ არის ეს გიორგი რამიშვილის პროექტისთვის ძალიან სასათბურე პირობა, ეშმაკის ბორბლის გადატანით მას ზუსტად ის ტერიტორია გაუთავისუფლდება, საიდანაც აპირებს არხის შემოყვანას. კონცეფციაში გაწერილი არ არის ეს არხი, იმიტომ, რომ რივიერა არ შედის ბულვარის ტერიტორიაზე.

ჩემი აზრით, ბულვარი იწყება რივიერიდან. მიშას დროს ამოიღეს ეს ტერიტორია, როცა იქ ჭაჭის კოშკურა გაკეთდა. რეალურად, ბათუმის ისტორია არის რივიერა, ამ კონცხიდან დაიწყო ბათუმმა განვითარება, აქ აშენდა პირველი ციხე-სიმაგრე. ამის დოკუმენტური მასალაც არსებობს, 2500 წლის ქალაქია ბათუმი, არისტოტელესაც კი აქვს მოხსენიებული.

– მოლოდინი გაქვთ, რომ, რადგან ბულვარის კონცეფციაში არ შედის რივიერა, შეიძლება, მაინც გაკეთდეს ეს არხი?

– დიდი მადლობა თქვენ, რომ ამ თემას ძალიან ჩაეჭიდეთ. კონცეფცია ჯერ კიდევ მუშა პროცესშია, ეს იყო ამ პროექტის პირველი სახე და მისი პრეზენტაცია მოხდა. ახლა უკვე მუშა ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. ელექტრონული წესით გაეგზავნება ყველა ორგანიზაციას, თუმცა, ახლა ისეთი არეულობაა, ვინ რას მიაწოდებს, არ ვიცი და არავის იმედი აღარ მაქვს. რამდენიმე დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი გადადგა.

ზაურ ახვლედიანი არის მირანდა ჩარკვიანის მემკვიდრე, რომელმაც სასახელოდ გააგრძელა და შეასრულა ყველა ბინძური დავალება და ბათუმში დალეწა, თუ კი რამე გვქონდა მოსაფერებელი. სწორედ ზაურ ახვლედიანმა გასცა 2021 წლის 21 იანვარს 16-სართულიანი ამბასადორის მშენებლობის ნებართვა. სწორედ მან გაათავისუფლა შოთა გუჯაბიძე. ყველა ბათუმელი გეტყვით, რომ გუჯაბიძე, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად არის ბათუმის მემატიანე. ბათუმის თითო კენჭის და სიძველეების შემგროვებელი. მრავალმხრივი პიროვნებაა, ფოტო-ხელოვანი, რეჟისორი, ტელევიზიაშიც მუშაობს და ხელოვნებათმცოდნეა, ასევე, ბათუმის მცოდნე და ასეთი კადრი გაათავისუფლა, იმიტომ, რომ მან ხელი არ მოაწერა და დემონსტრაციულად დატოვა სხდომა, სადაც ეს ნებართვა გაიცა.

შემდეგ პროფესორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე ნინო ინაიშვილიც მოაყოლეს მას. ეს ორი პიროვნება, ვინც იცავდა ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას, გაათავისუფლეს სამსახურიდან, როგორ ვენდო ამის შემდეგ ვინმეს, რომ მოწადინებულნი არიან, ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს?!

– თუ ახლა გაათავისუფლეს ხელმძღვანელი, ვინც ხელი მოაწერა 16-სართულიანი ამბასადორის მშენებლობას, გაძლევთ ეს იმედს, რომ აღარ აშენდება ამბასადორი?

– არა, რას ბრძანებთ. ახლა გადაარჩინეს ის, იმიტომ, რომ თვითონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა დაბნეული – აქეთ “ბათუმელები” ჩხუბობენ, იქეთ – კერძო მესაკუთრეები, რომლებსაც ფულები აქვთ დახარჯული და ამბობენ, რამდენად ძვირი დაუჯდათ ეს ყველაფერი.

იმედი მაქვს, რომ ამბასადორის არშენების იდეას თეა წულუკიანი დაიცავს. როგორც პირველივე დღეს მოგვწერა, პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობა. ქვეყნისთვის არის ეს ყველაფერი პრიორიტეტი.

– მინდა დავუბრუნდე ბულვარის განაშენიანების ახალ კონცეფციას. ეშმაკის ბორბლის გადატანა, კვების ობიექტების გადატანა, მრავალსართულიან შენობებზე უარის თქმა – კიდევ რას ითვალისწინებს ეს პროექტი?

– ეშმაკის ბორბალზე ჯერ ბოლომდე დაკონკრეტებული არ არის. თქვეს, რომ ეს არის შორეული პერსპექტივა, რომ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება. არგუმენტია, რომ არ დაიფაროს ულამაზესი პანორამა – მთების, ზღვისა და გემების, ამიტომ გადავიტანოთო. ეს არგუმენტი ეწინააღმდეგება “ბათუმის რივიერას” მშენებლობას, სადაც 5 ცათამბჯენი უნდა აშენდეს, რადგან რივიერა რომ დაფარავს თავისი მაღლივი, მახინჯი კორპუსებით პანორამას, ისე რა დაფარავს?! და ეს არგუმენტი დამაიმედებელია. თქვეს, რომ ამ ტერიტორიაზე რეკომენდებულია სამომავლოდ საბავშვო სეგმენტის გაკეთება.

– 16-სართულიანი ამბასადორის ნაცვლად 3-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის აშენება კონცეფციაში გაწერილია?

– არა, მაგას ასე დაჟინებით ვერ ამბობენ. იქ ნამდვილად უნდა აშენებულიყო და გაკეთებულიყო ძველი ბალნეოლოგიური ცენტრის შენობის მონაცვლეობა ახალი შენობით, რომელიც 3 სართულს არ სცილდებოდა და მე-4 მანსარდული ტიპის სართული იყო, ღია აივნით. ურბანისტმა ირაკლი ჟვანიამ თქვა, რომ დიახ, მხოლოდ 3-სართულიანი უნდა აშენდეს.

ამბასადორის ინვესტორი გვპირდება, რომ მიწისქვეშა სართულებზე ბალნეოლოგიურ ცენტრს გააკეთებს. სპა ცენტრები ყველა კარგ სასტუმროშია, მაგრამ ეს არ იქნება ბალნეოლოგიური და ვიწრო სპეციალობის კლინიკა. არადა, ხალხი ითხოვს ამ კლინიკას. არქიტექტურულად არაფერ განსაკუთრებულობას არ წარმოადგენდა, მაგრამ იმდენად კარგი ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, რომ საიდან აღარ მირეკავენ, ამერიკიდან, ისრაელიდან, ვოცნებობთ, ჩამოვიდეთ და ისევ მივიღოთ ზღვის აბაზანებიო. იმისთვის, რომ ეს ამბასადორი აშენდეს, იმის თქმაც იკადრეს, ეს არ არის ბულვარი, ეს არის სულიკო ჟღენტის ქუჩაო. ეს ჯერ ბათუმში არ მომხდარა.

ხელისუფლებამ ერთმანეთს დაგვაპირისპირა ბათუმი და ის ბათუმი, რომელიც მხოლოდ სტომაქზეა ორიენტირებული.

– როგორც ვიცი, ასევე, საუბარია საზაფხულო თეატრის რეკონსტრუქციაზე. თქვენი პოზიცია როგორია?

– საზაფხულო თეატრი ფილიგრანული ნამუშევარია, სულ ხეზე, ულამაზესი ინტერიერის დიზაინი იყო, რომელიც დაიწვა. მერე, სააკაშვილის დროს, ეს უშნო, უხარისხო, ყავისფრად შეღებილი შენობა დაიდგა. იაფფასიან თავლას უფრო ჰგავს, ვიდრე თეატრს და ამათ გადაწყვიტეს, უფრო ჰაეროვანი გავხადოთო.

რეკონსტრუქცია უნდათ, გვერდითა ფლიგელების გახსნა. ვითხოვე, რომ ეს საშინელი ყავისფერი ფერი შეეცვალათ და თქვეს, რომ აუცილებლად გააკეთებენ. ეს იყო წინამოსამზადებელი პრეზენტაცია, ახლა მუშა სიტუაცია გრძელდება, სხვადასხვა ჯგუფთან იმუშავებენ. ჩვენც ჩვენს პრეტენზიებს წარვუდგენთ.

– თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ, რის წარდგენას აპირებთ?

– არა, ეს პრეტენზია არ არის, ეს არის შეკითხვა და რეკომენდაცია, რომელზეც მოვითხოვ პასუხს და რომელიც რივიერას გამოთავისუფლებას ეხება. ეს კონცეფციის მხოლოდ პირველი გაცნობა იყო. უფრო მეტად ჩავუღრმავდები პროექტს და, თუკი დამატებით გამიჩნდება შეკითხვა, ამ შეკითხვას თუ პრეტენზიას აუცილებლად წარვადგენ. ნამდვილად არ გავჩერდები.

ჩემი გუნდის წევრებსაც აქვთ 1-2 შეკითხვა. როცა მარტო დავრჩით პრეზენტაციის შემდეგ, ყველას გაგვიჩნდა კითხვები და თანდათან გამოჩნდება ყველაფერი.

რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, ვხედავ, რომ ამ პროექტს, კონცეფციას, დიდი საფრთხე ემუქრება. როგორც ვხედავ, ხელისუფლება მას არ იცავს და გასაპროტესტებლად შეატოვა ამ კერძო მენაშენეებს, რომლებმაც გაბედეს და ბათუმელებს უთხრეს: ბაღი და მწვანე თუ გინდათ, წადით და ბოტანიკურ ბაღში ისეირნეთო! ეს ძალიან ცუდი მესიჯი იყო. განგვიცხადეს, რომ აქ ტურისტები რომ ჩამოდიან, დროსტარება უნდათო. როგორც არის – იაფფასიანი რუსული დროსტარება, ასე უნდათ. სამწუხაროდ, დღეს ჩემი ქალაქი ასეთ იაფფასიან ტურისტებზეა ორიენტირებული.

რა მოლოდინი გაქვთ? თვლით, რომ აჭარის მთავრობას არ სურს ამ კონცეფციის დამტკიცება?

– იცით, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ეს ჩემი ინტუიციური განცდაა, რადგან ასეთი პირი უჩანს. თუ წაიკითხეთ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გამოსვლა, მე პირადად ვერ მივხვდი რა თქვა – არც მწვადი დაწვა, არც შამფური, ხალხიც მეცოდება, ხალხი აღშფოთებულია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს… იცით, ასე ხელისუფალი არ იქცევა. კანონები ასე არ ვრცელდება. ამიტომ, თვითონ ის ფაქტი, რომ არც ერთი სამთავრობო წარმომადგენელი საჯარო განხილვას არ დაესწრო და არ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო განხილვისას დარბაზში, ეს იყო უკვე ცუდი მესიჯი მთავრობიდან, აი, ამას ვამბობ.

ის, რომ ბათუმელები არ შემოუშვეს და ამორჩევით, რაღაც კერძო პრივილეგირებული პირები შემოუშვეს. რატომ არ მაქვს ბათუმელს უფლება, რომ დავესწრო საჯარო განხილვას. კი ბატონო, პანდემიაა და ამის გამო შეზღუდულია დამსწრეთა რაოდენობა, მაგრამ პროპორციული სისტემით მომხდარიყო გადაანგარიშება.

– კონცეფცია საბოლოოდ მზად როდის იქნება, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?

– ამ კონცეფციას თავიდან 1-წლიანი ვადა მისცეს. სიტუაცია ძალიან დააზარალა და გაწელა პანდემიამ და 2 წლამდე გაწელა ამის კეთება. ეს ძალიან ხელშემშლელი ფაქტორი იყო. ასეთი კონკრეტული კითხვა იქ არავის დაუსვამს. ეს, ალბათ, დამოკიდებულია ადგილობრივ არჩევნებზე, მთავრობის პოზიციაზე, საზოგადოების აქტიურობაზე, იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების აქტიურობაზე, რომლებსაც გაეგზავნებათ კონცეფციის ლინკები. მუშა პროცესი აქტიურად უნდა წავიდეს წინ, უნდა წავიდეს შენიშნვები, შეკითხვები, მოთხოვნები, არგუმენტები და ისინი დააბალანსებენ. ირაკლი ჟვანია, რომელიც აკეთებს ამ პროექტებს, მართლა ძალიან სერიოზული პიროვნებაა და გადასარევად უპასუხა პრეტენზიებს. თითქმის იგივე თქვა, რაც მე, რომ ბულვარი არ არის რესტორანი.