ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, შპს “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და შპს „მანგანუმ ლოჯისტიკის“ დირექტორმა ნოდარ მიქაბერიძემ მოაწერეს ხელი.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, მემორანდუმით განსაზღვრული პროექტების და შესასრულებელი სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს.
მემორანდუმის თანახმად, გათავალისწინებულია შემდეგი პროექტების და სამუშაოების განხორციელება:
დაზიანებული ტერიტორიების რეკულტივაცია; ახალი გამამდიდრებელი ქარხნის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ხმაურის შემცირება; გზის საფარის მოწესრიგება; კომპენსაცია; კოოპერატორის მიერ სამუშაოების წარმოების სტრატეგია; მდინარე ყვირილას დასუფთავების საკითხი; ახალი გადამამუშავებელ ქარხნისთვის ნედლეულის სპეციალური მილებით მიწოდება; დასუფთავების საკითხები; ჭიათურის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტები; მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო საკითხების მხარდაჭერის პროექტები; ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ობიექტების შექმნა.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, ისინი მუდმივად იზრუნებენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, წარმოადგენენ წინადადებებს და პროექტებს ახალი, სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებების აშენება- შექმნასთან დაკავშირებით.
“ამ მემორანდუმმა ჭიათურის მომავალი უნდა განსაზღვროს. პრობლემები, რომელიც აქ არსებობს, გადაიჭრება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“, – განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით “ჯორჯიან მანგანეზს“. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია მხარეების ვალდებულებები ისეთ პროექტებსა და სამუშაოების განხორციელებაზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა“, – განაცხადა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ.
შპს“ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურლებს მემორანდუმის გაფორმება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი ემსახურება ზოგადად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ჭიათურაში.
“ეს არ არის ზოგადი შეპირება. ყველაფერი ვადებშია გაწერილი, როდის რა გაკეთდება. დოკუმენტი გამჭირვალეა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა. ერთგვარად, საზოგადოებრივი კონტროლიც დაწესდება მასზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
მერიის ცნობით, ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, საკრებულოს წევრები და მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.