წნორში ბაბუაწვერას მურაბის, იასამნისფერი სტაფილოს და შავი პომიდორის წარმოება იწყება

979

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ბაბუაწვერას მურაბის, იასამნისფერი სტაფილოს და შავი პომიდორის წარმოება უახლოეს ხანში დაიწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

აღნიშნული პროდუქტების წარმოებას ბიო-მეურნეობა „სამყურა“ გეგმავს და აღნიშნულ პროდუქციას მომხმარებელს განახლებულ სეზონზე შესთავაზებს.

,,აღნიშნული პროდუქტების მოყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მცირე რაოდენობით იყიდება. ერთხელ, ერთ შეხვედრაზე, რესტორნების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა მოთხოვნა ეგზოტიკურ პროდუქტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს სიახლეები, გადავწყვიტე აღნიშნული პროდუქტების მოყვანა. ისინი ჩვეულებრივი პროდუქციისგან განსხვავედებიან გემოვნური თვისებებით და ვიზუალური ეფექტი აქვთ ძალიან კარგი. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ აქცენტის რესტორნებზე გაკეთებას, თუმცა ინდივიდუალურადაც იქნება შესაძლებელი ყიდვა.

ვაპირებთ რადენიმე სახეობის ბიო პროდუქტების მოყვანის გარდა, ვაწარმოოთ შავი პომიდორი, ისამნისფერი სტაფილო და კარტოფილი, ფერადი წიწაკები და ბატატი მცირე რაოდენობით. წელს პირველად გვექნება. ესაა შავი პომიდორი და მისი შეძენა ივნისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. იგი ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს გემოც ნამდვილად იგრძნობა. ბაზრისთვის განსხვავებულია ფერადი წიწაკები, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის და მასაც მოვიყვანთ. შავი პომიდვრის გარდა სხვა, მცირე ზომის ფერადი პომიდვრებიც გვექნება“, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.

მეწარმის თქმით, ეგზოტიკური პროდუქციის სათესლე მასალის ნაწილს იწერს უცხოური საიტებიდან, ნაწილს კი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს. „სამყურას“ წარმოებული ბიო პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. მეურნეობის მფლობელი ყოველწლიურად ცდილობს მომხმარებელს და ბაზარს ახალი პროდუქცია შესთავაზოს.