გორის ა(ა)იპ-ები რომ ერთი ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა ის – კვლევის შედეგები

776

რადიო “მოზაიკამ” ჩაატარა კვლევა “გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპები – იმიჯის კვლევა”, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის 100-მდე მოქალაქემ მიიღო. კვლევის მიზანი იყო  გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ერთიანი, ზოგადი იმიჯი გამოკვეთა და საზოგადოების განწყობები გამოევლინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები, როგორც ერთი ადამიანი

გამოკითხვაში მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები დაღლილ ადამიანს აგონებს, რომელსაც ათბალიან სკალაზე 5 ქულით აფასებენ და რომელთან მეგობრობასაც, მონაწილეთა ნახევარზე მეტი ახლობელს არ ურჩევდა.

გამოკითხულთა 53% პროცენტი ფიქრობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები არის ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც არასრული საშუალო განათლება აქვს. ის პარტიულია და მას ქაოტურობა და არეულობა ახასიათებს.

თვისებებზე საუბრისას, გამოკითხულთა დახასიათებით, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპები არის მოსაწყენი, ნეპოტისტური განწყობების მქონე, არათანიმდევრული, ჩაკეტილი  და მშიშარა ადამიანი, რომლის მიღწევებს 5-ბალიანი სისტემით შეფასებისას, 2-3 ქულას დაუწერდნენ.

გამოკითხულ მოქალაქეებში მაღალი ცნობადობით კეთილმოწყობის სააგენტო, კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ტრანსპორტის სააგენტო და სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გამოირჩევა.

გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ები აწილობრივ უნდა იყვნენ ბიუჯეტის დაფინანსებაზე.

კარგი ა(ა)იპ-ი კი, მათი შეფასებით, უნდა იყოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.

რჩევები ა(ა)იპ-ებს:

კითხვას, რას ურჩევდით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს, მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:

“შტატებში არ უნდა ყავდეთ პარტიული ხალხი”

“შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა, გამჭვირვალე და მკაცრი კონკურსით შეარჩიოს კადრი. გამოავლინონ კრეატივი და პასუხისმგებლობა.”

“შეკვეცონ გაბერილი შტატები და იმუშაონ პროდუქტიულად, სრული დატვირთვით.”

“უნდა გახდნენ ფუნქციური, დამოუკიდებელი, კადრი დაასაქმონ საჭიროების გამო და არ იყოს ბიუჯეტის ფლანგვის მექანიზმი.”

შეწყვიტონ საბიუჯეტო დაფინანსების მიღება.”

“მოსახლეობის საჭიროებებზე მოერგონ და გაითავისონ, რომ მათი მსახურები არიან და არა პირიქით. ასევე მეტი ინტერაქტიულობა და ინოვაცია. გაშეშებულები არიან.”

“კეთილსინდისიერად იმუშაონ.”

“დაფინანსების ექვივალენტური საქმე გააკეთონ,ან საქმის შესაფერისი დაფინანსება მიიღონ.”

“ისწავლონ, რომ არჩევნებზე აგიტატორობის ნაცვლად, რეალურად უნდა აკეთონ საქმე.”

“უნდა გააუმჯობესონ სერვისების მიწოდება. და იყვნენ ორიენტირებული განვითარებაზე და ნაკლებად ჩამოკიდული ბიუჯეტზე.”

ინფორმაციისათვის: მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, უფლება აქვს, დააფუძნოს ა(ა)იპ, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მისი უფლებამოსილების სფეროში განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებს. იურიდიული პირების შექმნის საფუძველი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელმა ორგანიზაციაში და მის დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა. აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ორგანიზაციაში უზრუნველყოფილ იქნეს ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება. შესაბამისად, იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული უნდა იყოს რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული ორგანიზაციების შენახვისთვის გამოყოფილი თანხები კი ყოველწლიურად იზრდება – 2021 წლისთვის გორის ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის ბუჯეტში 20 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 121 600 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს აღნიშნული ა(ა)იპ-ების შენახვა ყოველწლიურად 165 ლარი უჯდება.

მასალა მომზადდა პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისათვის” ფარგლებში. პროექტს რადიო “მოზაიკა” ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.