დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 400 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს.
„კიდევ 400 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და პირველად, ამ სასიკეთო ცვლილებით სწორედ აღნიშნული ოჯახები ისარგებლებენ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.
მიმდინარე წელს სააგენტო სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჯამში, იძულებით გადაადგილებულ 1200 ოჯახს განასახლებს.