კუჭავა: ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

367

დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, – განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.

„პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონალური კონტექსტი“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.