არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, მიმაჩნია, რომ პარლამენტში, შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი დარბაზში, კოლეგების გვერდითაა და არა – სპიკერის პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან იკავებდა. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ის 2019 წლის 25 ივნისს აირჩიეს, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კი – 2020 წლის 11 დეკემბერს.